ბურანში მყოფი თოჯინები და კიდევ რაღაც ..


1
ახდენილ სიზმრის უარმყოფელი რიჟრაჟის მოთქმა,
თითქოს თეატრში 
პატივდებულის გვამი იხრწნება. საკვამურზე - მუნჯი ყვინჩილა, 
ჯიბეში ბომბი - სისხლიანი კენჭების გროვა და კიდევ - 
ხვიშტი, შეუხორცებელ უფსკრულებს შორის რომ ირხეოდა. 

2
ჩინური ფუნჯი - პატარძლის ლოყა - ხანგრძლივი კოცნის
რიტუალებში რომ დაორსულდა.

3
ამოიღლიავა
ბურანში მყოფი თოჯინები და სულის წამღებად გაუჩინარდა.

4
შენ კლავ საკუთარ სხვას ეხეთქები, ჟღალ წვერს 
იპარსავ, მღვრიე თვალებში გაელვებულის ლამობ შეპყრობას. 

5 
გიხდებოდაო, გეტყვის უცნობი, როცა მის მაღალ, 
ქათქათა ყელზე
მფეთქავ ძარღვს ნაზად სულს შეუბერავ, ცრემლს აულოკავ.

6
ჰოდა, ეს ტექსტი ლორთქო ბალახად რომ იქცეს ახლა,
გაჭაკნებული 
სახედარიც აღარ დაყნოსავს, ზურგს შეაქცევს და აყროყინდება.

7 
თუმცა, შენ ლექსი ღმერთკაცის სულთქმა გეგონა,
მაგრამ…
მღვრიე ნაკადშიც ხომ შეიძლება ხვითოს დალანდვა, 
და სახრჩობელას ყულფიდან ხილულ ცამ აგირეკლოს 
სულ სხვა არსებად.

8
იმართლებ თავს და, სიწითლე იგი, სიმორცხვის მაგმა 
ჩუმჩუმად კანქვეშ გაიწოვება.

9
ხოლო დიდება - წყეულთა ჰიმნი - გეშს რომ აიღებს, 
სხივის სიჩქარით გამოქანდება,
შენ ჩემო ძმაო, ფეხს ვერ აიდგამ, 
ვერ გამოაღწევ
ნისლოვანიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი