მუნჯური აგონია...


მუნჯური აგონია ანუ კნუტი ვირჯინიას წიგნზე ისვენებს

მშობლიური მზის ამოსვლაც კი აღარ შველის ატონალური ფიქრებით ნაქსოვ ბურუსოვან ქსელს. დუმს დიჯირიდუ. კნუტმა
მარცხენა თათით მომპორჭყნა, მერე მოლოკა ნაჭრილობევი. ქათქათა ფურცლის სუნი აგიჟებს, არ ვიცი, რატომ, ბენგალიაში წასვლა მომიწევს. ტემპორალური მიეთ-მოეთი. რიტმი ყმუილსაც გააჩნია მარტოსულ მგლების. და გაწბილებულ
გარინდულების ყრუ მდუმარებას კი - მითუმეტეს. სხვაა ტკივილის პულსაცია
სიჩუმისა და ენით უთქმელის. საკუთარ ცხედრის გამოსასყიდი ვალუტის თრთოლა
ორეულის მარჯვენა ხელში. ის ეხებოდა შენს გამკვრივებულ, უკოცნელ ძუძუს, ეს როდის იყო? ჩჟპყ წელს ქრისტეს შობიდან? რომელიღაც დღეს, გვიყვარდებოდა ხომ ერთმანეთი? ვწერ: კნუტი ვირჯინიას წიგნზე ისვენებს. მოგცლია ერთი, რა მეტაფორა, ანჟამბემანი, ხიბლი, დუენდე? თავისუფალი ლექსის დალანდვაც თავზარს სცემს მონებს, დამწყვდეულთ ენდემური ჭაობის ფსკერზე. იგულისყურე: უკრავს ქვემეხი ცაში გახიზნულ კლავესინზე. უნაკლო სმენა მესამე თვალსაც აბუნდოვანებს. ხედავ? დემონმა თითი მიიდო გახეთქილ გულზე. .ის ეხებოდა შენს გამკვრივებულ, უკოცნელ ძუძუს, მერე ამოგიწვეს ხალი ლაზერით, თანაც უფასოდ. გვიყვარდებოდა ჩვენ ერთმანეთი - მზარდ მოლოდინში გამოცხადების. აი, გვეშველა: უკვე ერთად ვართ ორი აჩრდილი წმინდა ომში ღარიბ-მდიდრების, ჩანახატების გასაკეთებლად მივლინებულნი, უცნობი მედდის დაღვრილი სისხლით უბიწო თოვლზე. დრონის კამერა აფისქსირებს დიდ სიმაღლიდან ბოლო წამებში გარიალებულ მუნჯურ აგონიას თავგანწირული პეტრიოტების. ჩვენ ვერ მოგვკვლავენ, ამოუხსნელ მიზეზთა გამო, აცრილები ვართ ორმაგ სიკვდილზე, წესის აგებაზე, რა გითხრა, მაგრამ, საპანაშვიდო მესას კი შავი თოვლის თანხლებით შემცხადებელი ქარი აღგვივლენს. ჩვენ გადავრჩებით სიკვდილისა და სიცოცხლის
შემდეგ ჯერ არშობილთა წასაკითხ ტექსტში. წმინდაო ცეცხლო! შენ გებარებით, გვფარავდეს ციდან გარდამისული თქეში და ჟგეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი