წელიწადი, როგორც ერთი დღე
(დღიურები - 2...) 3.1 განა არ ვიცი? - ამოდის კიდეც. მეც ეგ არ მიკვირს? - სულ ჩასვლაზე რად მეწერება? 7.2 ვეცადე, როგორ არ ვეცადე. ესა ვარ, რაც გამომივიდა. 3.3 რა ვქნა, თუ ზოგჯერ მართლა მითრევს ჩემი თავთხელი; თუ თქვენს მოყინულ ზედაპირზე ძალაყინის ამაო რაჩქუნს ეს მირცევნია. 7.3 შენი თვალები? ხერხემალში გადამამტვრევდა. გამომშაშრავდა შენი ტანი, როგორც უდაბნო. ეს - უშენობა - არა მკლავდეს, რა იქნებოდა! 9.3 გახსოვს ტყვეობა? ტკბილი ტყვეობა... ამურების ბადრაგი რომ დაგვატარებდა. 11.3 ვერ ვიპოვე ჩემი საბრძანებელი. ვერ ვიპოვე ჩემი საგანდეგილო. 17.3 ნეტავი, მართლა ვის რას ერჩი? ნეტავი, რატომ - შენ რომ იცი, ისეთი უნდა ყოფილიყო აქაურობა? 19.3 ხანდახან ყველაფერი ჩემი ახირება მგონია და თქვენკენ გამოვეჩქარები - უდღეური ღიმილით. 19.3 ჰოი, ძალაო, ხეჯიუტის ამომზიდავო უდაბნოთა ბერწი მიწიდან... ჰოი და ჰოი, თავნება ხეო, მზის ცხელ უბეში იმისათვის თავამორგულო, რომ ჟამით ჟამად მომთაბარე აქლემებმა გაისველონ მყრალი კბილები, და სხვებზე ზრდილმა ბედუინმა ნაკვები გვამი შენ ტოტებქვეშ შეიმსუბუქოს... 20.3 რა საჭიროა სხვა დანარჩენი. განა ცოტაა უმწეობა წარმავალისა? 2.4 რას ვერ გიცნობდი - მერამდენეა ეგ შავი და მართკუთხა თვალი, მე რომ ჩაგყურებ... 10.4 თითქმის არა ვარ. ვსუნთქავ ხამუშად და მკრთალად მიკვირს, უფრო და უფრო ნამდვილად რომ ტლაშუნებენ უბედურების ფრინველის ფრთები. ვერაფერი გამოვაპარე. 30.4 არც ეგ გამოდის გამოსავალი. აბა, მეორედ რომ დაგჭირდეს, რაღას მოიკლავ?! 30.4 ვერ ვისწავლე თქვენი ცხოვრება. ჩემი კიდევ - ვერა და ვერა. 6.5 იქნება, მართლა საკმარისია, რაც უკვე მოხდა? აბა, გახედე, გახედე ერთი სოფელ-ქვეყანას! 12.5 ჰო, რა თქმა უნდა, რა და რისი გოლიათები -წისქვილებია, თავისთვის ფქვავენ... მაგრამ - ო-ჰო-ჰო! - რა მყრალია მათი ნაფქვავი! 12.5 ...მსგავს თავშეყრაზე უსათუოდ მიმელის ხოლმე ჩემი ერთგული აუდენტი - ჩემი ერთგული მარტოობა - ძველი, ვეება, სრულყოფილი. რომ მომეგებოს, მშობლიურად გადმომეხვიოს და, რა თქმა უნდა, ყასიდი მალვით, სადგისიც ჩამცეს იქ, სადაც ჯერ არს. თან ჩამჩურჩულოს: ეგ რა არის - მაშინ გენახა, არ მიჭერდნენო თოკებით ცაში! 12.5 რატომ არის? - წერას რომ იწყებ, სულ ის სწავლული გახსენდება, ასპიტისაგან უნუგეშოდ დაგესლილი, არყოფნის სუნთქვის სინქრონულად მთრთოლავი ხელით მისხალ-მისხალ რომ ინიშნავდა - როგორ კვდებოდა. 16.5 ვინ იცის: ასე უშნო იყო იქაურობაც. და აქ ამიტომ, სულ ამიტომ გამოვიქეცი. 16.5 უჟმური დღეა. აფსუს, რა დროს გაგხსენი, ყულფო? 30.5 რას ერჩი-მეთქი ობოლ ქვეყანას? არ გითხრეს, რასა მგვანებია მაშინაც კი, ღმერთი რომ ჰყავდა? 3.6 სულ მავიწყდება პაროლი, ვერაფრით დავიზეპირე: „მე და თქვენ ერთი სისხლისანი ვართ“. „მე და თქვენ...“ 3.6 თქვენ მაინც სადა ხართ - სხვა ანომალიებო? 4.6 ასეა, როცა სიკვდილისა ცოტათი მაინც უფრო მეტად გეშინია, ვიდრე - სიცოცხლის. 11.6 რომ არაფერი ჩანს, სულ არაფერი? მეც განა ვჩანვარ? - მხოლოდ ვიგრძნობი. 18.6 გამოგიჭირე: ისევ ფიქრობ თავის მოკვლაზე. თან ისე ჟინით, შურისძიების მაძიებელი ბავში როგორც გადაიფიქრებდა - კარაქიან პურს არასოდეს აღარ შევჭამო! 25.6 არ მოგწონს? მაგას, რა, მოსწონხარ? ჭინჭყლო ბავშვო, ხომ ხედავ, რომ შენზე დიდია? გაეცა, წადი! 5.7 არავითარი კარგი და ცუდი - მე, შენ და ის ვართ ამ ქვეყანაზე. 13.7 ჩვენი სიყვარული ზღაპარს ჰგავდა - უმრავლესობას - ათასერთის კი არა და -ერთი ღამისას. 13.7 რატომ კვდებიო გზაჯვარედინზე. იქით ბილიკიც კი არ მიდის, მე რომ მივდივარ. 19.7 რის სასახლე დ ფიანდაზები... სადმე ჯობია ამ ორიდან გული გაგისკდეს - ქოხმახში ან სრა-სასახლეში? 20.7 ნეტავი, შენი ბრალი იყოს ეს თვლემა, ივლისო! 29.7 მე და თქვენ... ოო, დავიღალე - შორია, შორი! 13.8 მენატრები, განა შენთან ყოფნა მინდა. 14.8 რად მითხარი - მოდი, მაკოცე, მოჯადოებული პრინცესა ვარო - ჩვეულებრივო ბაყაყო? 26.8 სადაც მივედი, განა იქ ყოფნა მინდოდა და მიტომ მივედი - სადაც ვიყავი, ა იქიდან გამოვექეცი. განა შენ მსურდი, შენ გეძებდი მთელი ცხოვრება - უმიჯნურობას ვერ გავუძელი. სადაც მე მინდა, ის არ არსებობს. ვინც მე მინდა, ის იქ არის, სადაც მე მინდა. 27.8 ჩუმად ვარ, ჩუმად. ქვეყნის ქარები თუ წივიან ნატყვიარებში. 29.8 არა, არ გვიყვარს ერთმანეთი. უბრალოდ, ვთბებით. 31.8 ეგეთი დიდი სიყვარული... აბა, როგორ გამოვიდოდა? 5.9 რა სიძუნწეა - სიკვდილისთვის აქაურობაც გენანება. 16.9 ძალიან ძნელია, აქ იყო მე. საამაყოც არაფერია. 26.9 უხერხულია - როგორ იყო მარტო მართალი. 27.9 რა ხდება ჩემკენ?? თმა მეზრდება და კიდევ - ფრჩხილი. 27.9 განა მომწონს, რომ მგონია, რომ არა ხარ. სულ არ მომწონს, რომ მგონია, რომ არა ხარ. კიდევ უფრო ის არ მომწონს, რომ არა ხარ. 22.10 ...ბოლოს და ბოლოს, თქვენ ვერ დაგაგდეთ, ვერ გაგიმეტეთ - მომეწყვიტეთ ხვლიკის კუდივით. თრემ როგორმე მივიდოდი მარტო იქამდე. აქედან მაინც გავაღწევდი, როგორმე, მარტო. 25.10 სასაცილოა თავიც და ბოლოც. შუა - ყველაზე სასაცილოა. 7.11 აღარ მოუყვეთ ზღაპრები ბავშვებს - რას გიშავებენ?! 7.11 ფუჭად შეაწყდა შენი ლაშქარი ფანტასტიკური სიყვარულის ჭიან გოდოლებს... მსხვერპლი? - არ არის. მხოლოდ - სავსეა სახიჩრებით ლაზარეთები. 27.11 მერე რას იზამ, სიკვდილის შიშის ჟანგბადიც თუ გამომელია? 30.11 ჩვენ გავიყარეთ. მე და შენ გავხდით. 30.11 იმდენს ვფიქრდებოდი, ვეღარ ვიცხოვრე. 30.11 იმდენს ვფიქრობდი, ვეღარ ვიცხოვრე. ვერც მოვიფიქრე. 7.12 გული ისე მტკიოდა, დროც კი არ გადიოდა. 29.12 ვინ არ გიბიძგებს გგიჟებისკენ. ვინ გაპატიებს. 30.12 შევხვდით. ნუ შემიბრძოლები. უთანასწორო იქნება. შენს მახვილს ის სულერთია ერქმევა, ჩემს შიშველ ხელებს - ის სიყვარული. 31.12 გნახე და წყალში ჩამეყარა ამდენი ხნის უნახაობა.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი