ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი ..
ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი და ზმანებების პირისფარეში. ჯანდაბას ათასერთივე ღამის სულის ამოხდა ღია თვალებში; ფიცი - მბოდავი ბაგის ნაფშვენი - შენი მწარე და მწირი ხუმრობა. ჯანდაბას კოშკი - შენთვის ნაშენი, ქარწაღებული კირითხურობა; ურვის ურდოთა შემოწყობანი, გახსენებული გემო ცრემლების. ჯანდაბას ჩემი შეშლის ცნობარის მკითხველები და გამომცემლები; გული - საშენოდ ძლივს მონაკრები ნაკუწ-ნაკუწი ავლადიდება და თუნდაც მთელზე ოდნავ ნაკლები ჯანდაბას ქვეყნის გადაკიდება!.. მაგრამ: თუ ხსოვნა განგების დასებს ჩემში შანთებით ამოუტვიფრავთ და ვით დამეცი ქარიან თავზე, არ დამავიწყდი ისე უტიფრად; კვლავ წამიქეზე ჯავრის მახრები, ჯიგრის გამკვეთი და გამწურავი; თუ შემიგინე შემოსაყრელი ქალწულიცა და ნაქალწულარიც და ვინმე, შენზე უფრო კეკლუცი, აღარასოდეს თათმანს არ გესვრის; თუ არ მომირჩა შენი ნაკოცნი, ვით უჭრელესი გველის ნაგესლი; თუ შემატოვე თოვლიან ბაღებს გონჯი ფიტული-_ ბავშვის ნახატი; ვერ მოგინელე - არაყი მძაღე, ვერ მოგიხადე, როგორც სახადი!.. - ნურც გაკვირდები: ვეღარ გავქვავდე, როგორც საცრემლე მესაფლავეთა; ამომივიდეს ყელში აქამდე ყელში გაჩრილი უცხო პლანეტა; თავს დავაბრალო ჟინი ბავშვური და ყულფში გავყო მთელი შეგნებით - სარდლის ემწაროს საჯდომს პანჩური ამბოხებული მხედრის ჩექმების... გვამში ჩაბრუნდეს სულის ნახველიც, რომ ანგელოზმაც ვეღარ მიაგნოს... - ასე დაერქვას შენი სახელი დაბადებიდან დასმულ დიაგნოზს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი