უსაშველოდ გზები ..
უსაშველოდ გზები როდის გაიყარა? გზები როგორ დაუწეწავთ მეტეორებს! ვიყურები თქვენკენ ისე ჰაიჰარად, თითქოს გული საგულეში მეტეოდეს. გარეთ, მგონი, იწურება ჭრელი მარტი, გარეთ მარტის საწნახელი იწურება; მე კი ვდუმვარ, თითქოს მართლა შემიყვარდა მარტოობის დაწყევლილი მიწურები. ამ გაზაფხულს ბოლოს მაინც სად წავუვალ - გულს ტრფიალის ყუმბარებით გადაბომბავს - კიდევ ერთხელ ვეღარ იხსნის სასწაულიც ხმელი მკერდის გამოკეტილ კატაკომბას. და შევივლი ოცნებების პანთეონზე. შემომკივლებს საფლავების ცხრაკლიტული: გაყიდულა ცად მზირალი ანთეოსი _ ქარში ხმელი ფოთოლივით გაკიდულა! ღამე ლოკავს მთვარეების მლაშე აბებს. დილა კენკავს ვარსკვლავების ასკინკილებს. და არავინ ეუბნება, რად შეაბეს ფრთებთან ერთად დოლაბები საწისქვილე... გზები ისე უსაშველოდ გაიყარა, ჭირვეული ბედის ქარში გაფენილი... და შევარხევ მანძილს ისე ჰაიჰარად, თითქოს ყელზე არ მიჭერდეს საბელივით; თითქოს თქვენი მონატრებით არ ბრუვდება აქაური სიზმარეთის სარეცელი... მაგრამ თუკი მოვინდომე დაბრუნება _ თქვენს მიწაზე სასიკვდილოდ დავეცემი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი