ყველაფერი საათივით აეწყო ..


„- ესუ კირისტო-სამას შეუყვარდა პრინცესა
სანტა მარია, სიყვარულისგან მოკვდა და
ამიტომ გახდა ღმერთი.“
„ძურიანო კიტისკე“, რიუნოსკე აკუტაგავა

ყველაფერი საათივით აეწყო, რიუნო...
განტევების სამკუთხედი:
სატრფო - მეგობარი - ღალატი.
აფრები გაშლილია. მელოდება მყუდრო ტრიუმი.
დროა, გადავიცვა წითელი კიმონო,
როგორც ჯალათის ხალათი.
რამე უნდა მეთქვა.
ახლა ყველაფერი რიგზეა.
ხომ არ ვიტყოდი, რომ აქაური სუსხით ვიჭინჭრები.
ხომ არ ვიტყოდი, რომ ქვეყანა იქცევა
ბაგედაბრეცილი ღიმის მიწისძვრებით.
რომ კეთილი ღიმილი, რა ხანია, ჩაიკვნიტეს ტუჩივით
და ვინც ვერ ჩაყლაპა, ყელში გასჩრია და ჰგუდავს.
და სამასკარადო ბაზარს უჩივის
ძველი მეძველმანეც, კეთილი ნიღბების გუდით.
რომ გადამდგარი გენერლებივით მოხუცი ღმერთები
ცეცხლს მიფიცხებიან
და მდუმარედ წრუპავენ საკეს.
თავი დაანებე ლუციფერს _ თავისთვის ერთობა _
თავისია და, როგორც უნდა,
ისე დაბრეცს ვეება სარკეს.
ან რა დროს ამაოებაზე ლაპარაკია.
მერე რა, თუ სისულელეა ყველა ტანკა და სონეტი.
მერე რა, რომ სიძვის პაპანაქებაა
ირგვლივ და ვერცხლის უთვალავი მონეტა.
როგორ იტყვი, რომ ნამდვილი კი არა - მითი ხარ
ან - უსაზღვროდ განმუხტული მუხტი.
არადა, რაღაც უნდა თქვა, როცა მიდიხარ,
ოღონდ ისეთი - სულსა და გულს მოხვდეს.
და, აჰა, შვებით ვგრეხ უკანასკნელ სტრიქონებს -
ხელგაშლით ვანიავებ მათხოვრის ქონებას.
ნახე - სატრფო და მეგობარი გამოვიგონე.
ღალატს რად უნდოდა გამოგონება.
რაკიღა ხელთ ვიგდე სანუკვარი სადავე,
ავდექი და დავაფრქვიე მდუღარე სტრიქონებიც.
ბანალურია? - შესანიშნავია, მაშასადამე.
მით უმეტეს - მთელი სიცოცხლე ამას ვიგონებდი.
ახლა შემიძლია,
მიმავალმა მყუდრო ტრიუმისკენ
ვიმეორო მხოლოდ:
ო, ესუ კირისტო-სამა... სამა-კირისტო...

რა კარგად აეწყო ყველაფერი, რიუნოსკე.
რა კარგი დღეა ხარაკირისთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი