ავტოეპიტაფია


ვის - ნაჭარმაგევს ამეხსნეს
თვალები, აწ დანავსები,
ვის სიყმაწვილეს - ამეხნეს
მეხთა და ზვავთა დასები,
ვის სიჭაბუკეს - გარყვნილი
სამყაროს დარდი ნისლავდა,
ვინ - სიბერემდე მარხილი
ჩავხსენ - არ ღირდა მისვლადა, -
ვერ დაგინახე მახედა,
მიწავ, არყოფნის ჩეროდან.
რად მოველ,
რაი ვნახე და
რა იმედებით მჯეროდა -
ატლანტს შევცვლიდი, გოლიათს, -
ზეცა მჭეროდა მხრებითა...
ცხოვრება რამე გვგონია,
სანამდე შევეყრებითა...
და მაინც, მესმა ვინათგან -
მონახევრეა ცდა ბედის, -
გავიმარჯვეო ვინა თქვა, -
მოვედი -
ვნახე -
წავედი.

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი