გათავდა! დამთავრდა! დასრულდა!
გათავდა! დამთავრდა! დასრულდა! ავქალო - გავხდები მეც ავი! რა მექნა - არაფრით არ მსურდა, მეკოცნე - უბრალოდ მეძავი არყოფილ გალავანს ვუარე. საჭვრეტელს შლეგივით ვეძებდი. იქნება - გეფიქრა უარი, ან - სიძვას უნდოდა რეცეპტი?! რა მრჯიდა, მიწას რომ მოვცილდი, ვარსკვლავი ვარდივით მოვწყვიტე... და ისე სათუთად გკოცნიდი, თითქოსდა პირველად გკოცნიდნენ! - ვიდრე არ აქუხდა კლავიში, ბანგიან ჰანგების მლეწავი, და ლოცვით გამოწვდილ მკლავებში არ შემრჩი - უბრალოდ მეძავი! ჯანდაბას ურვა და ჩივილი! დე, ყველა მახვილმა გამიჭრას! მეყო, რაც საკუთარ შვილივით ვეფერე ტრფიალის ნაბიჭვარს! და აჰა - შენთვისაც მადლია, ტკივილი ლაგამად გამოხრა - გაფურთხო, გიკურთხო, გათრიო - სასჯელად და გულის საოხად! მერე კი: შევკაზმო იორღა, გზა-შარა ქამრებად მოვიკრა, დაძენძილ მანძილებს ვდიო და... თავი უშენობით მოვიკლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მომეწონა❤