მტერო, მოჯარდი სახედაღრეჯით ..


მტერო, მოჯარდი სახედაღრეჯით!
მზე მიმქრალია, ქარი - დაღლილი.
ხანდახან გულის თეთრი ნაგლეჯი
თუ შეირხევა ბაირაღივით.
მოისურვილე შავი ნატვრები,
გატიკნულები ბოღმის ჯიქნითა!
კარიც არ დაგრჩა შემოსამტვრევი -
გამტვრეულია ყველა შიგნიდან!
მტერო, მოჯარდი, თუკი სადმე ხარ, -
დატეხილი აქვს ფრთები ქარტეხილს.
რა ბედენაა გულის გატეხა -
ციხეს დააქცევს ფიცის გამტეხი! -
ბზარსა და ნაპრალს, როგორც იარას,
ბალღამი გასდის ფაღარათივით!
მტერო, მოჯარდი! - ციხე კი არა -
თავიც არ მინდა ნაღალატევი!
იქნება, კიდეც გეშით ჩამელის
კუპრის ხაროში ჯოჯო და მყვარი.
მომძალებია ლეშისმჭამელიც -
მკვდარი ვგონივარ ნახევრად მკვდარი.
მტერო, მოჯარდი, შლეგი ნატვრები
სისხლგაწუწნულით აძღე ჯიგრითა!
კარიც არ დარჩა შემოსამტვრევი -
გამტვრეულია ყველა შიგნიდან.

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი