განცხადება
(გაცნობა-დაოჯახების კლუბის 1996 წლის არქივიდან) რაკი უკვე წელიწადი ოცდა კიდევ რამდენიმე შემისრულდა _ შევიქენი ესე იგი მოწიფული, ავწონე და დავწონე და ვანდე ბედს და ვანდე იმედს ესე ჩემი განცხადება _ ცხელი გულის მოციქული: მაშასა და კიდევ მე და ვითარმედ და ვინაიდან ვეღარ ვიტან მარტოობას _ მარტოობას ვინ აიტანს! _ რანიდან თუ შირვანიდან, ვანიდან თუ ჟინვალიდან ცოლად მომყავს: ზია-ხანუმ, ხანუმა ან ზინაიდა! ტანად _ ალვა, ბაგე_ბანგი, თვალებ _ გიშერკუპრიანი, სინაზის და სილამაზის სათავე და სათაური... მაგრამ, ჯერ ის მოგახსენოთ, მგონი, იყოს უპრიანი _ თვით ავტორი ამ უსტარის ვინ არის და სადაური. გარეგნობა? _ ძირითადად უცხო ფერის თვალს უქებენ, შვენიერი ჰასაკითა, ისე როგორც _ ასაკითა... მოკლედ, თუკი მიხედავენ _ ცოტას თუ მოასუქებენ, გამოდგება ისტორიულ ისტანბულში გასაყიდად. თორემ ისე გამომხმარა, მიმიქარავს საქსაული, დაიფშვნება, ხორშაკმა რომ დაუბეროს გამეტებით; თორემ ისე დაბანცალებს, როგრც არააქაური, ანდა კიდევ უარესი _ როგორც უცხოპლანეტელი. დაბანცალებს შორეული სამშობლოდან მოკვეთილი, თითქოს ფეხებს უჭინჭრავდეს დედამიწის მწვანე წინდა; ხსოვნის ხავსებს ეჭიდება წყალწაღებულ პოეტივით და მოკვეთას ელის კიდევ უფრო უცხო პლანეტიდან. ნოსტალგიურ ზმანებებთან სასმისების კოტრიალი, სცადეს კიდეც, აღეკვეთათ, უცნაური ტოლუმბაშის; სთქვეს, თუ: "მიწას შევარიგოთ" და უთვალავფოთლიანი მიუბოძეს ტალავარი, რომელს ჰქვიან "კომუფლაჟი". კვლა სთქვეს: "ესეც არა კმარა, დაგვემსგავსოს, დაე, უფრო: თავად თუმცა მხოლოდ ლერწმის დაკენკილი ღერო ნებავს, შიგადაშიგ თოფი მივცეთ _ იწურთოს და დაეუფლოს მოკვდინების უძველეს და უზენაეს ხელოვნებას!" ვინ გაბედოს, ავი სიტყვა პირში კვამლად შეგაბოლოს, როცა ბრძოლის ველისა თუ იალაღის გქვია ლაღი! ეგ კი არა, თუ სადმეა და ვენდობით ენა-ბოროტს, მარაგში აქვს თვითმკვლელობის ატომური იარაღი! მერე რა, რომ იარაღი ესე ავად იარაღობს, მერე რა, რომ ომის პუტვად არც კი უღირს ყოფის ჩიტი _ იქნებ, ნაქებ სააქაოს ზედ სიფათზეც მიანაყოს, მეათასედ ჩაქნეული ხელი თუკი მოისყიდის. მერე რა, რომ ზეზეულად ხმება, როგორც ხე-ტიალი და ყვავილი, გაუშლელი, ძირს ჩამოდის თითო-თითოდ, მას კი ნეხვში ფესვის გადგმას უგზოდ უჯობს ხეტიალი და სიყვარულს ისე ეძებს, დაეკარგოს ვითომ თვითონ; მერე რა, რომ მთვარის ვარდის არომატი არ ეთმობა; ცას ირეკლავს თვალთა ოდნავ ალმაცერი იაგანი... და თვალებზე გამახსენდა შენაპირი გარეგნობა, მოგითვალეთ ნაცვლად რომლის შვენებანი შინაგანი. გამახსენდა: განცხადება ასე სულ არ იწერება: ვის ადარდებს, თვალები გაქვს ბრიალა თუ მინაბული? ქერა ხარ თუ _ შავგვრემანი, უწვერო თუ _ თხის წვერება _ შენი ბედის გრაფებია: "სამსახური", "ბინა", "ფული"! მაგრამ როგორ გავამხილო: რითმის ისრებს, თავდათეთქვილს, ძლივს პოულობს, ძლივს ეწევა დაფლეთილი კაპარჭიდან; რისი განძი, რისი უნჯი, რისი ლარი ანდა თეთრი! ფული ჰქონდეს _ ამ უსტარის გასალექსად რა გარჯიდა! _ თხასავით რომ გაკრეჭილა თუ ცხვარივით გაპარსულა (ცას შესჩივის სიგარეტის თბილი ბოლი _ ბოლო ლარი) და წერს: "ამა გალექსილი განცხადების საფასურად აჰა ამა გალექსილი განცხადების ჰონორარი"! სვამს, ეწევა, როგორც მიხვდით, ნერვიულობს შიგადაშიგ და ხანდახან გაიხედავს მკერდმაღალი ქალისკენაც; გულში მზერაც გარჩენია, გატეხილი შიგ ვადაში _ ვინ ჩატოვა, რად ჩატოვა _ ვერა და ვერ გაიხსენა. ... მაგრამ, მგონი, კიდევ ერთხელ დავარღვიე ეტიკეტი; მგონი, კიდეც გავაცალე პოეზიის ულაყს ღდინი... ეს _ მესამე ჩემი ცოდვით სავსე პირმა მეტისმეტი მაქნევინა და გამხადა არიფივით გულახდილი. თორემ თავის, საკუთარის, უხერხული არი ქება. ისეც ხვდებით _ ოჩან-ბედის ქეჩოზე ვარ შეფრენილი... და სჯობს, მხოლოდ შეგახსენოთ წმიდა ესე გარიგება ლოთიანი, რეტიანი, რეპიანი რეფრენივით: მაშასა და კიდევ მე და ვითარმედ და ვინაიდან ვეღარ ვიტან მარტოობას _ მარტოობას ვინ აიტანს! _ რანიდან თუ შირვანიდან, გალიდან თუ ცხინვალიდან ცოლი მომყავს _ ზია-ხანუმ, ხანუმა ან ზინაიდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი