ლექსი მოყმისა და სიყვარულისა
გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე, რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი: ვერ შეგიპყარი, ვერ მოგკალ, ვერ თავი შემოგაკალი. ხან - ჭიუხების ჭირხლები, ხან - ხალნი ველის ხაოთა - შენად ნაწოლად მენიშნა, ვნახე - აფთარი ხაოდა. ეგებ, დააგდე საჩვენო, სხვა მზე ირჩიე, სხვა წყალი? ეგებ, ჯილაგით ამოწყდი - კაცის ჯილაგზე გამწყრალი? ეგება, კიდეც დაგლანდე სადმე, ჩამომწვარ გორებთან? - დამცეცხლა კოცნის სახმილმა - მახვილს რა მომაგონებდა! აღარ დამცალდა, ნანატრი ელდის ელვებით გაშოლტილს, - ცალი ყბით შემომიღრინე, ცალად გამკარ და გამშორდი. არც საიქიოდ გამწირე, არც შემიფარე სწორფერი, დამიგდე, როგორც დილეგი - უსიყვარულო სოფელი... ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე უმადურ კვალზე ნათრევი, ვერცხლის ბომონებს დავაკლა ჩემი უბელო ნატვრები, გავთბე სარკმლიდან სამადლოდ შემოგდებული მზის სხივით, ტრფიალი აღარ მომშივდეს აუღებელი სისხლივით, რადმე ვიღირო უშენო დღენი - უგვანოდ კუშტები, ისევ არ გამოგეკიდო, როგორც კი გამოვშუშდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი