სამკითხველო


ზოგჯერ როგორ არ მომინდება,
ძველებურად გელაპარაკო.

განა იმიტომ -
ვეღარ ეტევა კანში სათქმელი -
აუცილებლად სათქმელი ან
დღემდე უთქმელი.
სულაც ლუღლუღი (გაგონილი)
ან თვალთმაქცობა (დანახული)
ნერწყვს გამომადენს.
და კიდევ იმის მოგონება,
ერთხელ და დღემდე უგემურად ჩაძინებული,
რომ მაგ ენაზე
ენა ყველაზე იშვიათად მომიმტვრევია.
როცა მეტყოდნენ:
გაიცანი, - ეს ცხოვრებაა.
და გპასუხობდი:
ძალიან უსიამოვნოა.
რადგან მტკიოდა ისე ალალად
და თან ისე გასაკვირველად,
რომ არ შემეძლო,
შენთვის მაინც არ მომეყოლა.
რა - ძებნა შენი დამჭირდებოდა.
რა - ვიკითხავდი:
ბევრი იყავ თუ - ხამუშ-ხამუში,
ყველგან სახლობდი თუ - ალაგ-ალაგ.
სულ აქ არ მყავდი?
(როგორც მორწმუნეს - გულში ღმერთი)
შენც არ ვიყავი?
(და ვანთებდი ლექსს, როგორც სანთელს)
არ დამყურებდი ყველა ფურცელზე
ჩემი თვალებით?
(ემანდ - სიწრფელეს არ ეთვალთმაქცა)
როცა...
ახლა? თუ სადმე შემომხვდები,
ენერგიული ჟესტებითა და
ფონეტიკური მახვილებით
კი მიბეჯითებ -
როგორ არა ვარ, მართლა მე ვარო!
არ მჯერა შენი -
ჩემს სარკეში არავის ჰგავხარ -
სად არის შენი ანარეკლი, შენზე ნამდვილი?!
არ მომწონხარ, ბოლოს და ბოლოს!
გამეცა, ერთი,
შენ რა სანთელი უნდა აგინთო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი