საბაჟო ცხოვრებისა ანუ დაბადება რამდენიმე წლის ასაკში
(მტრედების მონათხრობი, ძირითადად) ზედ საბაჟოს წინ ამოყლარწულ ცხოვრების ხეზე ზის სამი მტრედი და იმათზე ლაპარაკობს, ვინც ნული წლისა არ დაიბადა, ან დაიბადა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, მაგრამ მერე გადმოიფიქრა, მერე კი - უკვე ჩვეულებრისამებრ. - ჯერ ერთი, რომ სულ მთლიანად ვეღარაფრით შემოეტევა, - ამბობს ხოლმე პირველი მტრედი, - აწონიან და დაწონიან და, გამოატანენ - არც მეტს, არც ნაკლებს - სტანდარტულ შეკვრას - ჩვილისოდენას. დანარჩენი - საკონტრაბანდე - იქით დარჩება - ოხრად და ტივლად - კი არასოდეს ჩამოართმევენ, მაგრამ ვერც როდის გადმოიტანს აქეთ, თავისთან. (ეს საბაჟო ხომ სხვებს არ ჰგავს!.. სხვაგან სად სხედან, მაგალითად, ხეზე მტრედები, თან ისეთები, ყოველი არანულწლოვანი დაბადებისას ზუსტად ერთსა და იმავეს რომ ლაპარაკობენ?!) - ასე მოუვა ერთი ხელი, ერთი ფეხი ან ერთი თავი,- იტყვის მეორე, - ჰო, ერთი თავი- წამოიღოს, ჭამოაგოროს... გადმოაგოროს საკონტროლო-გამშვები პუნქტი და, თავისთავად, გორვა-გორვითვე გამოუყვეს პუნქტს აქეთა სანაგვე ქუჩებს... სხვებმა კი - ნული წლის ასაკში გაჩენილებმა - ბასრი თითები დაუმიზნონ და ყვირილის ჯერი მიუშვან: „აგერ, თავი, ქუჩაში მგორავი, რომელიც, ვინ იცის, რითია გაბერილი - სიტყვით ართქმულით, მელოდიით მოუსმინარით, თვალის სეირით, დღემდე კიდევ უნახავითა, ლორთქო ფორმულით დედამიწის განადგურების თუ თვით ზიდანის დამჩრდილავი ფინტების სქემით; მაგრამ ამაზე არ ვიფიქრებთ დაფიქრებასაც, მით უფრო იმას - განვიხილოთ ვარიანტები. რა ძალა გვადგას - აკი, ქუჩაში მგორავი თავი მარტო ქუჩაში მგორავ თავად გამოდგება და ბურთადაც ვერა, თუ არ მძვინვარებს მაინცდამაინც ეთნოკონფლიქტი!“ - ასე თუ ისე, - ლაპარაკში ჩაერთვება მესამე მტრედი, - იშვება და, როგორც წლისა მნიშვნელოვნად მეტისა ნულზე, მშობიარობის ტკივილებსაც (მშობლის წილს, რაღა თქმა უნდა) ზედმიწევნით დაიმახსოვრებს. ემახსოვრება ათ წელიწადს, ოც წელიწადს, ორმოც წელიწადს... რომელთა გასვლა, არ ეგონოს, იმას ნიშნავდეს, რომ ასაკს მისას, (ისედაცო) არანულწლოვანს, ათი, ოცი და ორმოცი წელი შეემატება. ჰე-ჰეე (ჰმ, ამას მტრედი ამბობს?!) ათი წლის შემდეგ ათი წლისაც არ იყოს იქნებ, ოცი წლის შემდეგ ოცი წლისაც არ იყოს იქნებ, ორმოცის შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ და - სხვები (მაგალითად) კვირობით რომ გაიზრდებიან, ეგ - თვეობით თუ, იქნებ სულაც - თვენახევრობით, ანდა ვინ იცის ან კიდევ უფრო... (ოჰ, რა ვქნა, მე კი არაფერი მომიგონებია!.. თავად, ნული წლის როცა იყო, რასა ფიქრობდა?!) - დასძენს ნათქვამს მესამე მტრედი. კიდევ იტყვიან რაღაც-რაღაც ასეთ-ასეთებს. შენც გაიგებდი, რომ იცოდე მტრედების ენა. არ იცი - გული ნუ დაგწყდება - მოგვიანებით მაინც ამასვე განაცხადებს სამი ფერია - კოლუმბინა, კოლუმბარა, კოლუმბუმ - თუ სხვა სამი ნებისმიერი (ან სამი რაღას ავიჩემე?!), რომელიც კი შენს პირობით აკვანთან მოვა და მაგ თვალებზე, ჩიტზე, თუ მარგალიტზე ჩატარებული ექსპერტიზით დაადასტურებს, რომ არანული წლის ასაკში... ხოლო თუ მათიც ისე გესმის, როგორც მტრედების, არც ეგ იდარდო - სულ ერთია, როცა იქნება, ყავის ნალექის ქარაგმების სამლარიანი სპეციალისტიც სიტყვა-სიტყვით გაიმეორებს ნათქვამს ფრინველთა და ფერიათა; თუ, რა თქმა უნდა, პატიოსანი მკითხავია და არა მხოლოდ თამამი მეტრფე ყავისა და, კიდევ უფრო, სამი ლარისა. ეჰ, მართალი ხარ - სად მინახავს სამლარიანი პატიოსნება, მაგრამ ერთი ისიც მითხარი- პატიოსნების არსებობის ალბათობასთან პირდაპირპროპორციულობის მაგრმ საეჭვო კავშირში ლარის სიმრავლე თუ შეგიმჩნევია? თუმცა ეგ თემა უნდა იყოს უკვე სხვა ლექსის, რომელიც იქნებ დაწერო კიდეც, თუ არ დაგეზარა, თუ არ დაგავიწყდა და სათანადო რამეებიც თუ მოგივიდა მომდევნო ასაკში დაბადებისას.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი