ნუ, მოტრაპეზევ!


ნუ, მოტრაპეზევ!
ეგ ბახუსი - ჩარჩი ვერაგი -
ნუ მოგისყიდის
მთვარეული ღამის ყანწებით!

რად მოგიღეღავს
დარდიმანდის ჯაჭვის პერანგი -
წაგძლევს სული და
უნუგეშოდ განიძარცვები!

რას გვემართლები,
რომ უგზოა შენი გზა-კვალი;
რომ შენი ტომი
სიყვარულის სენით ამოწყდა;

რომ მოგჯარვია
უთვალავი თვალი-მზაკვარი
და გეზარება
სატევარის სამტროდ ამოწვდა;

რომ დიადია
ოქრო პონტის თუ ტრაპიზონის
და რომ სიწრფელით
შეშლილ კოცნას მეტი ფასი აქვს...

ნუ, მოტრაპეზევ! -
ყურს გიგდებენ მოტრაპეზენი
და იფიქრებენ:
აბეზარი მატრაბაზია!

გადევნებია,
დაე, ეულ ნაბიჯს ნურავინ!
დაე, დამსკდარა მარანშივე
ურვის ჭურები!

ნუ აენთები -
გათანგვამდე ნამიჯნურალი!
ნუ იღვენთები -
გათანგული უმიჯნურობით!

ვიცი, უჩქამოდ იდოლაბო -
უფრო გაცვდები;
მეფისტოფელის კერძი წამი,
ვიცი, მოგშივდა...

ნუ, მოტრაპეზევ,
ღია თვალებს ნუ მოაწყდები! -
არ გადმოვარდე
უშორესი სულის კოშკიდან!

ვინ შეიწყნაროს
მარტოსულის ბედი-მზარავი -
უფსკრულის პირად
გაგიჟება შმაგი ჭენებით!..

ნუ, მოტრაპეზევ! -
დაგიჯერებს მაინც არავინ!

ნუ-მეთქი, თორემ,
სადაც არის -
დაგიჯერებენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი