სიყვარულის ახსნა
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს. იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი. მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _ სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი. გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი. გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი; მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები, ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი, ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე! და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი. და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია, თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _ ნარგისის თვალები ისე შორს ანთია, ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი. გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს, შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი... და ასე სასურველს და ასე მიწიერს, უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _ რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს, ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი, რაკი ეს ბილიკი, ასე საცალფეხო, მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის; რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს; და უსასრულოა და სისხლით ნაწერი ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა; რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული, კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი, ჩემი მარტოსული პატარა წარსული ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით; ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი, სული აქილევსის ვეება ქუსლია... და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი, ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან! და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით, და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ, და სწორედ ამიტომ სიყვარულს არ გიხსნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი