მკითხაობა ხმელ ფოთოლზე
რაღას ფარფატებ, განა ვერ ხედავ, როგორ ბოლავენ მარტის ფოცხით გადავარცხნილი ვაშლის ბაღები? როგორ ბოლავენ! უთუოდ ისევ აყვავდებიან. ... რა ფერი გადევს, ხმელო ფოთოლო? ციებიანი უნდა იყო, თანაც შორიდან მომავალ ქარებს ან ბებერ ქარებს გადმოყოლილი. რაღას ფარფატებ, ხმელო ფოთოლო? ... ვითომ არ იცი: ჩაუვლია უკვე გაზაფხულს, როგორც ზაფხულს და შემოდგომას. ზამთარსაც, კიდევ, კიდევ და კიდევ... ნეტა ვიცოდე, რაღას ფარფატებ. ... ერთი გქონია გაზაფხული (განა ერთხელ არ გაიფოთლე?), ერთიც ზაფხული (ერთადერთი გაგაყვითლებდა) და შემოდგომა (ხიდან ორჯერ ვერ მოწყდები, ხმელო ფოთოლო). მარტო ზამთარი თუ იქნება ორი და ბევრი _ ავი ზამთარი, ერთხელ გაშლილი, ერთხელ გამხმარი, ერთხელ მომწყდარი ფოთლის გულზე მოჯირითე ყინვის ფეხებით, დაყენებული თოვლის ბუქით, კორიანტელით... ყველა ზამთარი შენი არი, თუ გადაიტან... რაღას ფარფარტებ? ... რაღას ფარფატებ, ხმელო ფოთოლო? შენ ხომ ისიც კი დაგავიწყდა, რომელ ფოთოლშლას გაიშალე და რომელი ფოთოლცვენისას რომელ ხეს მოსწყდი? ... განა ტყუილად ბოლავენ აპრილის ფოცხით გადავარცხნილი ვაშლის ბაღები... რაღას ფარფატებ, ხმელო ფოთოლო, აკი უკვე ქარსაც მოსწყინდი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი