უძრაობის ინსტრუქცია


ბნელი დღეების ნაცნობ წყვდიადში
უიმედობით ვჭვრეტ მწუხარებას,
უკიდეგანო მარტოობაში
კვნესით გადმოვცემ ჩუმ ახსარებას.

სულის მშვენების მარად ძებნაში
მე მიველტვოდი ტკბილ ნეტარებას,
გზააბნეული ამ ცივ ზამთარში
ცოდვით მოსილი გთხოვ დახმარებას.

თმები მეშლება ნოტების ქარში,
ვგრძნობ დამაბნეველ, ბილწ მრისხანებას,
მარად ვარდისფრად ფენილ ზღაპარში
ვპოვებ სიმშვიდეს და დაწყნარებას.

ვეცადე შვება მეხილა ხალხში,
ცოტაღა მაკლდა სრულ გაგიჟებას,
სულის დამღუპველ გარყვნილებაში
ვეღარ ვხედავდი აზრს, გადარჩენას.

როდესაც ვიდექ კვდომის ავდარში,
შორს ვაპირებდი დიდ გამგზავრებას,
მაგრამ მაგ თვალთა გამოხედვაში
ვგრძნობდი ძვირფასო მე უკვდავებას.

მარგალიტების ელვარებაში
ფიცად ვიდებდი შენს ერთგულებას,
ჩვენს დამამშვენელ სათუთ გრძნობაში
ვიჩენდი მძიმე, ბნედ მოთმინებას.

შენს დამატკბობელ ბგერების ხმაში
ვერ ვაკავებდი სულის დინებას,
ვერც ჩემს ინტიმურ წარმოსახვაში
მუზების ჯარად შემოდინებას.

ჩემთვის მიუწვდომ წმინდა კალთაში
მე ვეზიარე კვლავ დაბადებას,
კარგო, მაგ შენი ბაგის სუნთქვაში
ვნატრობ სიცოცხლის თბილ დამარცხებას.



როგორ მიველტვი შენს სურნელებას,
მე მდუმარებას ვპოვებ კოცნაში,
ერთ სასიკვდილო მწველ ჩახუტებას 
და ჩვენ ვინაცვლებთ უძრაობაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი