ხილვა
წუხელ ხილვაში ერთი ბებერი გამომეცხადა ვინმე გრძნეული, გასშავებოდა სულ მთლად ელფერი, მოაბიჯებდა როგორც სნეული. მესტუმრა შიშის და წვიმის ქარში, მის სახეს მუქი კუპრი ფარავდა, ჩასმული იყო ანაფორაში და თავის სხეულს მასში მალავდა. მეგონა იყო ცუდი ხუმრობა, ან მეგობართა ჩემთა თამაში, მაგრამ ვიჯერე აზრის მუხთლობა, რომ შემოიჭრა ის ფანჯარაში. ის შემოიჭრა სიმთვარის მწუხრში, ფარდებმა მორთეს ფართო შრიალი, საძინებელში ორიოდ წუთში გაჩნდა სიმყრალის ორომტრიალი. აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, უცებ საზარი დამადო ბრჭყალი, ბრჭყალდადებულსა გონი წამერთვა და გონწასულმა დავხუჭე თვალი. როცა უეცრად ვიგრძენი ყინვა, გამომეღვიძა შრიალის ხმაზე, მწარედ აღმომხდა წუხილის გმინვა, თურმე ვესვენე მე იმის ფრთაზე. შორს მიმათრევდა, შორს მიმაფრენდა, ვეღარ შევიძელ ვეღარაფრის ქმნა, ყოველ ძვირფასთაგან მიტაცებდა და ხალხისაგან ექსორიამქმნა. ბოლოს ზღვის პირას კლდეზე დავეშვით და რომ მოგიყვე უფრო გარკვევით, შავ-თეთრი იყო ყოველი მხარე და თვითონ ტალღაც იყო შავ-თეთრი. ზღვა აწყდებოდა ქარაფს ზვირთებად, თან გამოკრთოდა კვდომის რითმებად, იქვე ტრამალზე შფოთავდა ალი, როგორც ტორნადო და ქარიშხალი. გრძეულმა კლდეზე მაღლით შემდგარმა ხელის აწევით ვიღაც მოიხმო და საშინელმა უშნო მხედარმა ძვირფასი სკივრი თან წამოიღო. ალქაჯმა სიღრმით ხმა ამოზიდა, ხმა შესაზარი, ხმა მეფისტოსი, ზარდახშა უცებ ჩემს წინ დამიწა, მიბრძანა რჩევა ამეთვისტოსი. შიგნით ელაგა ათასობით ქვა, თითოეული იყო ნაცნობი, დედა, მამა, და, შეძენილი ძმა, ანდაც შემთხვევით ყმა განაცნობი. ნათესავები და მეგობრები, ხან დუშმანები, ხანაც მოყვრები, შორეულები და ახლობლები, ოდესღაც ჩემი სულის მოტრფენი. ყველა იქ იყო ვისთვისაც ოდეს თუნდ შორეული სალამი მეთქვას, ვისთანაც ოდენ შეხება მქონდეს, ანდაც სიკეთე თუ რამე მექნას. უნდა მეკეთა მე არჩევანი, ათას ნაცნობში ერთი რჩეული გამომერჩია ვით ფარშევანგი და ამ ცხოვრების ჩემი მეგზური. დავკარგე სხვები, მხოლოდ შენ დამრჩი, შენი სიცოცხლე სხვებსას ვარჩიე, ყველას უძახა მეფისტომ ხრამში, მე მრავალ კაცში გამოგარჩიე. იძირებოდა ზღვაში ბაჯაღლო ამხანაგების ვით პანთეონი, მაგრამ არ ვნანობ, მე ხომ სანაცვლოდ დამრჩა ძვირფასი ქვა არკენსტონი. დაც ხარ, დედაც ხარ, ძმაც, მეგობარიც, უპირველესად სატრფო ხარ ჩემი, შენ ჩემი სულის ხარ ნათევასი, მოუსვენარი არსება ჩემი. მე ჩემს არჩევანს არა არ ვნანობ, შენში ვჭვრეტდე მე კარგო გულის სწორს, თავაწეული ამაყად ვამბობ, რომ სიყვარული ყოველს გულისხმობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი