შეყვარებული


ჩაუქრობელი ცეცხლის ალი როს აენთება
უკურნებელი მხურვალებით იწვის მიჯნური,
მისთვის ყოველი სხვა მნათობი უცებ ბნელდება
და იპყრობს გრძნობა სისხლით სავსე ყოვლად გიჟური.
ღვთიური ძალით ის შეიპყრო ვენერას წყევლამ,
ვერ დაიბრუნებს ვერც სიმშვიდეს, ვერცა გონებას,
დამღუპველ ვნებას უკურნელი დაედო სევდა,
თავის თავს ვერ ცნობს და იხსენებს ვით მოგონებას.
მის შთაგონებას დაეკარგა ყველა სხვა სახე,
ყოველ ცოცხალში ის დაეძებს მის პირისახეს,
თუკი შენიშნა ვინმეს ჩრდილში ოდნავ მსგავსება,
თვალწინ ეშლება მისი სატრფოს ტკბილი ხატება.
სხვა სილამაზე უგზო-უკვლოდ კვდება და ქრება,
მოჯადოებულს აეხვია თვალებზე ბინდი,
შავს თეთრად ხედავს, მოერია გზნებდა და დნება
ვნების ქარცეცხლში ეფერება მგზნებარედ რიდი.
მშვენიერების უმალ გაქრა უნიკალური,
დაეცა ფასი დამატკბობელ ადრე გულისა,
სატრფოს სახება მისთვის გახდა იდეალური,
გაჰქრა სიმკაცრე, დაწუნება უხეშ სულისა.
ყოველ ნახატში წინ ეშლება სატრფოს ხატება,
ყველა მუსიკა ოცნებაა მასთან შეხების,
იმას ახარებს მათში მკრთომი ოდნავ მსგავსებაც,
მისი არსება საზომია მშვენიერების.
მისით ფასდება სხვა საგანი, არა ის სხვისით,
როგორც წიგნაკი ყოვლისმოცდნე მარად თან დააქვს,
მზესაც კი უკვე შემოსცქერის უნდობი ზიზღით,
რადგან იმ მზის ქვეშ სხვა მზის სხივმა აზრი დაკარგა.
მოუსვენარი ბრმად შეჰნატრის როგორმე ხიფათს,
ვერა შეჰკადრებ მისთვის უნდო, უძლეველ საფრთხეს,
რომ დაუმტკიცოს სიყვარული ყველაზე ძვირფასს,
ცხრათავა გველსაც შეებმება და დაამარცხებს.
ტანჯვით აღვსილი ის ესწრაფვის მსწრაფლ მკურნალებას,
მსაჯულად იხმობს მისთვის ძვირფას თავმოყვარებას,
გონების ძალით გულზე ცდილობს ის შეთქმულებას
და ვეღარ უშვებს წრფელი ტრფობის აღიარებას.
შიგნიდან იწვის, დნება, კვდება და ქვესკნელდება,
ელვარებს გულში ჩასახული მწარე გრძნობები,
ამაყი მზერით რეალობას რომ ეხეთქება,
ჭირს ვერვინ ამჩნევს, ვერც მოყვასნი, ვერც ახლობლები.
როცა ვერ ბედავს სიყვარულის დამორჩილებას,
მტრად დაისახავს მის გულის სწორს ჩუმი ცრემლებით,
მაგრამ რა უწყის რომ ეს მტრობა ცეცხლს უნთებს ვნებას
და იტანჯება მისი უფრო გაძლიერებით.

შორს წავა მისგან, მოაშორებს თვალს სანატრელსა,
დროებით მაინც მოიპოვებს ნანატრ სიმშვიდეს,
მაგრამ როდესაც კვლავ იხილავს თვის საყვარელსა,
საუკუნეც კი ვერ აჩერებს ტრფობის სიწმინდეს.
ბედისწერაა რომ ახვედრებს ორ გულს ერთმანეთს,
ისევ შეხვედრა კვლავ პირს უღებს იმ ძველ იარას,
კვლავ იხმობს სევდა სიმწუხარის ღრმა ოკეანეს
და ცდილობს სწრაფად შორს გაექცეს მტანჯველ ქვეყანას.
ცარიელდება ყოველგვარი ვნებისგან უმალ,
ვით ზამთარში ხე დაცვენილი ფოთლებით მდგარი
ტყის შუაგულში ბარდ-ეკლების ჯარით გაუვალ,
იდუმალ ჰანგით ამღერდება ვაებით ქნარი.
ხსნად ესახება უსწრაფესი, ჩქარი სიკვდილი,
რომ ჩამოიხსნას უბედობის მწარე ბორკილი,
ჩამქრალ სიცოცხლეს რაღა ჰქონდეს მეტი მისჯილი,
ელის განაჩენს და კვალვ უცდის სიკვდილს მორჩილი.
სატრფოში ხედავს დაუცხრომელს სულის სილაღეს,
მისი შემყურე სილამაზის შურით ივსება,
ბინდდება გონი, ვერ ერევა ეშხით სიმთვრალეს
და გულუბრყვილოდ მარგალიტი აციმციმდება.
მიჯნურს აოცებს მისი ვნება, თავისუფლება,
გულის ჩურჩულით დაიფიცებს მის ერთგულებას,
იმედი იპყრობს, რომ იხილავს განსხეულებას
თვისი ოცნების და ესწრაფვის შორ უკვდავებას.
ამაოდ იბრძვის, ვინც კი გულის მონობას ცდილობს,
არის სატრფოსთან, გარბის, არ არს - დაეძებს ყველგან,
ტრფობის დამჩაგვრელს სიყვარული აროდეს ინდობს
და დაატარებს დარდით სავსეს დამაშვრალს ქვეყნად.
დრო როცა გავა, ის შეამჩნევს - გამოიცვალა,
თავი დაკარგა და დაეძებს ვინც ადრე იყო,
სულ აღარ ახსოვს ვინღა იყო, რაღა ისწავლა,
ოცნებობს ამგვარ სიცხადეში არ ყოფილიყო.
მაგრამ სიყვარულს ვერ ერევა ვერც ერთი ძალა,
გინდ გულმოდგინედ შეინახო ამაყ თვალებში,
გინდაც თქვა:“ჩემში სამუდამოდ ის აიკრძალა!“
მაინც სიცრუე გამოგივა სხვა სიმართლეში.
რაღა მოხიბლავს სულს იმაზე უფორორე მეტად,
ვიდრე მოკვდავი გრძნობით იქცა უკვდავ არსებად,
მასში აიგო ძეგლი ვითარც ურყეველ სვეტად
და დაივანა მის სიღრმეში როგორც თავნებამ.
უკვირს მიჯნურის უტყვად ყოფნა, მისი სიცივე,
სიწმინდე გრძნობის რატომ დარჩა ასე უთქმელი,
მერე რა თუკი ვერ აღწერა სიტყვით მისივე
ტრფობით სიშლეგე და დაურჩა გამოუთქმელი.

ის კვდება წამში, როს მის თვალში ზიზღს რა იხილავს,
ვერ ეძებს პასუხს ამ რისხვაზე, ამ სიძულვილზე,
წყევლის გაჩენას, იმ ულმობელს, მერე თავისთავს
და ისევ ფიქრობს წამლად ქცეულ ნანატრ სიკვდილზე.
თუკი იხილავს სხვა ვინმესთან გადავიწყებულს,
ძლივს ჩაფერფლილი ცეცხლი ისევ წამოენთება
და უსამართლო შურისგებით თავდაბრუებულს
ავი ზრახვების მთელი წყება თავში უჩნდება.
ხან შიში იპყრობს, ხანაც თრთოლვა, იქენჯნის სინდისს,
მცირე იმედი როცა ქრება, ქრება სიფხიზლეც,
ვეღარ ახერხებს სიავესთან ღირსეულ ჭიდილს,
ღირსეულ ბრძოლას ვერ ახერხებს და გრძნობს სიმძიმეს.
ეჭვებით დაღლილს სად სცალია ფიქრის საზომად,
უკვე საომრად შემართულა, სიბრაზე ახრჩობს,
მრისხანე განცდით მოწამლული იქცა ულმობლად,
უკვე დაკარგულ იმ გულს მაინც არაფრით არ თმობს.
ეჭვი და შიში ვეღარ თრგუნავს ტრფობის სიმწარეს,
მათი სიუხვე გამოფიტავს ტანჯულ ქმნილებას,
ზოგჯერ ის ფიქრობს აღარ უყვარს, თუმცა მძინარე
სადღაც კუთხეში მიმალულა მისი დიდება.
ქაოსს განმწირავს დაამშვიდებს მხოლოდ ეროსი,
ისრების წყება დააფრქვია გულში ამურმა,
მარად ხილვებში ეცხადება ვით ანგელოსი,
ფრთაშემართული ფანტავს სულში ცვარს საამურად.
და გალანტურად ეფიქრება სხვა მომავალზე,
თუ მასთან დარჩა ბედნიერი ვით შეიქმნება,
თუკი წავიდა მას ვიხილავთ ჩვენ ლიანდაგზე
და მისგან მხოლოდ ისტორიის კვალი დარჩება.
მტანჯველ სამყაროს მოვევლინეთ სიყვარულისთვის,
სხვა ყველაფერი უაზროა, აღარ ირჩევა,
ვიყოთ მებრძოლნი სიჭაბუკის სამსახურისთვის
სანამ დაღლილი ჩვენი სული ფერფლად იქცევა.

ომია გულში, მას დააწყნარებს მხოლოდ ამბორი,
omnia vincit amor: et nos cedamus amori.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი