ჯადოქრის სიმღერა


ჯადოქრის სიმღერის მომესმა ნოტები,
მიწიდან სკდებოდა ტანჯულთა გოდება,
ტბა იმოსებოდა ჭადრის ნაფოტებით
და ემზადებოდა მკვდართა ამბოხება.
გზნება უსაზღვროთა ლოცვას დაემონა,
წყება ბორკილების აივსო ზარებით,
ვნება განწირულებს ტრფობით დაეკონა,
კვდება სილამაზე ჩუმი აღსარებით.
ვარდებით მოირთო სიშავის ეტლები,
სიშმაგის დღეები სიცოცხლეს ედრება,
ბერდება დროება და ჩვენც კი ვფითრდებით,
როცა გვახსენდება ცრემლით მოგონება.
თითები გვეღლება, კლავიშიც ბნელდება,
ცხოვრებას ეძღვნება ყოველი ნაბიჯი,
რაც ქვეყნად კეთდება აროდეს იშლება,
თუ სიყვარულია იმის ანგარიში.
თარეში სულეთის უმძიმეს მხარეში,
სარკეში ჩახედვა ძლიერ გაჭირდება,
ბრწყინდება, ევლება, ელდება ღამეში,
ღამე უძინართა აღარ გათენდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი