საგნებში ტყვედ ქმნილი...


საგნებში ტყვედ ქმნილი ვეძებ სიმარტოვეს,
ნაცნობი გრძნობების უკან დაბრუნებას,
ხმებმა უსახობის ვერა, ვერ დამტოვეს
და ვცდილობ ამ კალმით იმათ დადუმებას.

ზეციურ მნათობთა იშობა სინთეზი,
იწყება მტანჯველი, მწარე აგონია,
მთავრდება სისრულით და სიტყვის სინაზით
და ჩნდება სიტურფით სულის ჰარმონია.

ელვარებს საწოლი, ხურდება ბალიში,
როდესაც შემიპყრობს ნანატრი ზმანება,
დადნება ნუგეში, ბრმა საუკუნეში,
ლანდებით ნაქარგი ოცნების ხატება.

ცისფერი ხომალდი მიცურავს ვარდებში,
ალი და ქალი და მატროსი მთვრალი და,
მიაპობს სილაღით გემს სიზმრის ტალღებში,
ფრთები გამოისხა და მაღლა აფრინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი