და ვჭამთ ერთმანეთს...


ღმერთად მონათლეს, ვისაც გუშინ სიტყვით თელავდნენ,
სიტყვით გათელილ გუშინდელ ღმერთს წყალს არ აწვდიან,
თურმე ღირსების დასაცავად მწარედ ღელავდნენ,
მწარედ ღელავენ თუკი თვითონ სწორად ჩათვლიან.

დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს, ზეგ პირს გიკრავენ
და პირშეკერილს გიბრძანებენ ილაპარაკო,
თუ გასაჭირზე უცაბედად რამეს გკითხავენ,
ენა ამოჭრილს რაღა გრჩება სალაპარაკოდ.

ხალხში მგზნებარე რიტორობით ცხარედ ტირიან,
მაგრამ ომებში გამუდმებით მტრის მხარეს დგანან,
ლამაზად ჩაცმულ-დახურულნი ჩვენ დაგვცინიან,
და ის ფარჩებიც ჩვენი ოფლის სუნებად ყარან.

გუშინ ძმა მოკლეს, ხალხს მოპარეს, ღმერთი გაქურდეს,
პირჯვარს იწერენ, ძვალს გვიგდებენ, ჩვენ იმ ძვალს ვლოკავთ,
ძაღლად ვიქეცით და მაღლიდან გადმოგვაფურთხეს,
ახლა ელიან იმ ძვალისთვის ერთურთს რომ მოვკლავთ,
და ვჭამთ ერთმანეთს...

ჩვენ ვჭამთ ერთმანეთს და ვაბრალებთ არასდროს ჩვენს თავს,
რომ გვკითხოს კაცმა, ღირსებისთვის დავთმობთ ყველაფერს,
მაგრამ ყოველდღე ჩვენვე ვასობთ ღირსებას ლახვარს,
რადგან მოველით ჩვენი თავის ვინმე ხელმძღვანელს,
და ვჭამთ ერთმანეთს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი