ხეტიალი
ინგრეოდა მირაბო, მეძახოდა ჰადესი, მწვავდა ღამის სიჩუმე მზეზე უმხურვალესი, დამალული ჩიხიდან მოისმოდა ვაება და ძაღლების ყმუილი - გლოვის გახმოვანება. ირწეოდა თოკებზე შეშლილი ტანსაცმელი, ისვენებდა ღობეზე შიშველი ფეხსაცმელი, სახურავის ჟოლობზე წყალი ჩამოდიოდა, ხან მარცხნივ გაუხვევდა, ხან მარჯვნივ მიდიოდა. მოდიოდა ბარბაცით კაცი გრძელწვერიანი, ცხვირი ჰქონდა წითელი, თვალები - ცრემლიანი, ვეტერანი ყოფილა, აგვისტოს ნაომარი, წამს შევსვით გარდასულთა ხსოვნის შესანდობარი. ქარი ხეზე შერჩენილ ბოლო ფოთოლს არხევდა, სიყვითლით დაბერებულს სადღაც შორს მიაფრენდა და ტიროდნენ კედლებიც ათას-ჭირ-გამოვლილი, ზოგჯერ წვიმით ნაფერი, ხან სევდით დათოვლილი. ფარფაებდნენ მალი-მალ ბეღურათა ჯარები, თან მოჰქონდათ სინაზე ცისა შენაწამები, თვდახრილი ნაღვლობდა ფანჯარაზე ყვავილი, თავისი სამშობლოდან ობლად გადმოყვანილი. იცინოდა გიტარა სიმებიან ალებით, ახალგაზრდებს ართობდა სიცოცხლის ხმოვანებით, სულსაც ძლიერ ართობდა მათი მხიარულობა, სულმა ოდნავ დაიცხრო თვისი მარტოსულობა. მწარე ლოცვა-გოდების, მწუხარების ფანტელი, აქ ტაძრის წინ ლოთების იყო კორიანტელი, ზოგი სკამზე დამჯდარი, ზოგიც ხეს მიბჯენილი, ზოგი ფეხზე დამდგარი, ან ბალახს მიწვენილი. ერთი ვინმე ჭაბუკი, ალბათ შეყვარებული, ვარდების თიგულით გარბის გამწარებული, დანამული პერანგი ტანზე შემოტმანსული, გარბის, გარბის გიჟივით ახალწვერგაპარსული. მე კი ნელი ნაბიჯით მივუყვები შარას, სასაუბროდ ვიპოვი ვინმე მაწანწალას, პრინცო, მეტი რაღა გითხრა, როგორ განგიმარტო, მიყვარს ასე ხეტიალი ბნელ ქუჩებში მარტო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი