ახალგაზრდობა


ვხედავ ოცნების ცისფერ შორეთში
მარად ქალწულთა ტკბილ მოლანდებას
და მოუსვენარ ცეცხლის ორკესტრში
ჩაუქრობელ მზის ცად ელვარებას.

გზად შემომხვდება ცოდვის მდინარე,
ავხორც ბნელეთში შუქი ინთება
და ვგონებ სახე თვალმოცინარი
ახალგაზრდობით დამიბინდდება.

დიდება ვნების საამო სულთა,
ჭაბუკმა უნდა შეცდომა უშვას
და საკურნელად დაშვებულ წყლულთა
ცხარე ცრემლები თვალთ გამოუშვას.

თავს ია-ვარდთა ურიცხვი წყება,
მისი გვირგვინი თეთრად მოირთოს,
სანამ სილაღე არ გაუწყდება,
სანამ სიბერე თვისკენ მოიხმობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი