ექიმი, ანუ უსარგებლო რჩევა


ექიმებმა მითხრეს ასე,
ყოფილხარო სევდით სავსე,
ნუ ინატრებ სხვა რამ საგზალს,
ხელს ჰკიდებდე ხისა არგანს,
დაგმჩნევია გულზე დარდი,
განიშორე ეკალ-ბარდი,
ხანსსა მასსა უშრომელსა
გზას დაადექ უშორესსა,
მეგობრებთან დრო ატარე,
წყლული ესრე განიქარვე,
ეწაფვოდე არა სასმისს,
ჯვარს იწერდე დღეში სამგზის,
გიხილავდნენ სხვაგან მავალს,
ვით შორეულ მზეს ჩამავალს,
აღარ იღებ ვიცით წამლებს,
თუმც უწყოდე მაინც არ გვნებს,
ტანჯვა შენი სულიერი
არის ყოვლად უკურნელი,
მაგრამ მბობენ კი სწავლულნი,
სულს კურნავსო სიყვარული,
ნუ აანთებ აწ სანთლებსა,
თორემ გიწვავს მაგ თვალებსა,
დილით ადრე ისეირნე,
მთის ჰაერი იხეირე,
თუ გსურს კიდევ იარსებო,
წერას თავი დაანებე,
თორებ გიღებს კაცსა ბოლოს,
მალე გახვალ სამშვიდობოს,
აღარ დაგრჩა ძალა დიდი,
აღარც მოწყალების რიდი,
დაუცლიხარ დაღლილობას,
ვერ ერევი უძილობას,
სახლში ეულ პატიმრობას
და ჯიუტად შიმშილობას,
ცილად ნუ გვდებ გულგრილობას,
ვცდილობთ შენსა ხანგრძლივობას
და გვაბრალებ თაღლითობას,
გიჯობს წერას მაგ პიესას,
დაგინიშნავთ მკაცრ დიეტას,
ნუ იქცევი ასე ძუნწად,
ჭამე კვერცხი, ცილა უმად,
არ გაწყენდა მცირ ტანინი
და მიიღე ვიტამინი,
არ შეჭამო რამე ტკბილი,
ჩამოგცვივდა თორემ კბილი,
დღეს მიირთვი თავი ქათმის,
ხვალ შეჭამე ღვიძლი კრავის,
ზეგაც კიდევ ტვინი თაგვის,
თუმცა ცუდი სუნი ასდის,
შეგეცვლება ცოტა ხანი
დამპალი და სუსტი ჯანი,
ნახევარზე მუდამ ოთხის
უნდა ჭამო თვალი ძროხის,
თეფშზე თაფლად რომ არს მდნარი,
რომ აუდის ოხშივარი,
არ აიღო წამს პაუზა,
მოიხარშე ზღვის მედუზა,
არ დაიკლო ფეხი ყვავის,
გაყინული, თუნდაც ზამთრის,
კატის ტილი შიგ ჩაყარე,
დაელოდე მზის ძასვლამდე,
ამოგლიჯე ძაღლსა ენა
და დაჭერი ფენა-ფენა,
მოიძიე კუდი თხისა,
ჩვენ გირჩევდით შორაპნისა,
მოსწველიდე ძუძუს ვირსა,
ოღონდ ბარის, არა მთისა,
ძვალი ჭამე კალმახისა,
მხოლოდ ზღვისა, არა ტბისა,
ახლა დადებ ჩვენთან ფიცსა - 
შეასრულებ დანაპირსა.

ასე მარქვეს დასტაქრებმა,
ვგონებ, ბევრი დრო დავკარგე,
ჩაიარეს საათებმა,
მუზავ, ცოტაც დამაცადე.
გავეცლები ამ ბრიყვებსა,
მოვუძებნი სწორ სიტყვებსა,
მივეცემი კვლავ ფიქრებსა
და შავოსან ჩემს სიზმრებსა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი