ვარდებით დამთვრალი...


ვარდით შებურვილი, ოცნებით დამთვრალი,
როგორც ქერუბიმი ცეცხლით ავინთები,
არ ჩანს გასავალი, რა მაქვს დასამალი,
როგორც ბოშა-ქალი ცრემლად დავიღვრები.

ედემს დალოცვილი ხანჯლით დასობილი,
შენს წინ დაჩოქილი წვიმას ვეფერები,
ასე მუხლმოყრილი, ყურებჩამოყრილი,
კვდომით შეპყრობილი ხილვას გევედრები.

როგორც უცხოელი მამულს ველოდები,
ვარსკვლავს გამოვყვები უცნობ ადგილებში,
როდის გამოჩნდები, როდის გამოჩნდები,
როდის გამოჩნდები სიზმრის ყვავილებში.

თუმც ხარ უცოდველი, ჩემთვის ულმობელი,
ჩანხარ უშფოთველი ნაზად მგალობელი,
მე კი გელოდები, შენ კი არასად ჩანხარ,
ჩემთვის არსად არ ჩანს სატრფო მწყალობელი.

ვხედავ ღვთისმშობელი ცხენზე აღმართულა,
ჩემსკენ გამოწვდილი ხელით გამართულა,
ასე გაბადრული უცნობ სიხარულით,
თითქოს სინანულით უცებ გაზაფხულდა.

მაგრამ მწარედ შევცდი, თურმე ღვთისმშობელი
არის მოჩვენება არა სასწაული,
ისევ დანამული ცრემლით დაფარული,
ვდგავარ მოქანცული სევდით დამალული.

მძიმე მონატრების სახე მელანდება,
ვნატრობ საფლვებზე იის აყვავებას,
ვიგებ დამარცხებით, ასე აჩქარებით
კალამს ჩავაბარებ ჩუმად აღსარებას.

წვიმავ საყვარელო, მუდამ სანატრელო,
ჩემი სევდა-ტანჯვის გამზიარებელო,
სხვასაც უწყალობე, როგორც აქამომდე,
გადაატანინე მასაც სიმარტოვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი