ჰერეთში


სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია, 
ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ... 
თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და 
ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს. 

ბავშვობა იმზირება ნაცნობი ქოხებიდან, 
დავდივარ, ვხეტიალობ, ვიხსენებ თანატოლებს. 
ამ ტყესთან ვთამაშობდით, გაფრინდნენ ხოხბები და 
ის ტკბილი სიყმაწვილეც ხოხბის ფრთებს გავაყოლეთ! 

მივდივარ წყაროსთან და გამხმარი მურყნებია 
(აქ ხშირად ვქანაობდით დაწნული ბურზღუნებით ), 
დამსხდარან ბეღურები, ხეები უყვებიან 
ერთ დროს რომ ფუტკრებივით მინდვრებში ვზუზუნებდით. 

მთვარეზე დაკიდული ჩამწყდარა საქანელა, 
ეკლებით დაფარულა კუნძულის ეზოები!.. 
ვბრუნდები ნაღვლიანი სოფელში, სადაც ნელა 
დადიან ქალწულები - შეცვლილი თეძოებით. 

ეს სიზმრად დაწერილი ბავშვობის სტროფებია, 
ცხოვრებამ დამიტოვა თვალებში წამი ღიმად...
აღარ ჩანს ის გოგონა, რომელიც კოპლებიან 
კაბაში დავინახე... შეცბა და გამიღიმა... 

სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია, 
ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ... 
თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და 
ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი