* * * (მოჩანდა სამყაროს ფიჭიდან)


მოჩანდა სამყაროს ფიჭიდან, 
ბედმა რომ ერთ გზაზე მოკონა: 
მე - ერთი პოეტი ბიჭი და 
შენც - ერთი სოფლელი გოგონა. 

დღე და ღამ გიცდიდი, მეზიდა, - 
წყურვილი წყაროდან სახლამდე; 
გზად ერთი სიტყვა და ლექსი და 
თან ერთი კოცნა და „ნახვამდის“... 

მერე მეც მრჩებოდა სტრიქონთან 
ფიქრი და ღამეთა ნაშალი, 
რადგანაც მალულად მიგქონდა, 
სახლისკენ კოცნა და თავშალი... 

ბოლოს ვერ ვუცადე მოლოდინს 
და ასე - ძველ ადათ-მოდაზე, 
გავბედე და სოფლის ბოლოდან 
მამაშენს ასული მოვტაცე... 

ვცხოვრობდით 
(და მუდამ გვყოფნიდა) 
ვით ჩვენი წინაპართაგანი: 
მე - ერთი ხმალი და თოფი და 
შენ - ბევრი ლექსი და აკვანი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი