წერილი ბოთლში (სიყვარულის ფორმულა)


მე  ქარი ჯიბით დამაქვს.
თან - რა მოსატანია და... მახსენდება,
რომ ვეკუთვნი არამწეველთა საზოგადოებას.
სამაგიეროდ, ჩემი ქალაქი ეკუთვნის
მწეველთა საზოგადოებას -
ქალაქი ქალაქში დგას
და პირში გაუჩრია ქარხნის საკვამურები.
მე ქარი ჯიბით დამაქვს
და შავი კვამლის ჰამაკში
წევს ქალაქი.
ადრე ხშირად ეწეოდა.
თუმცა ახლა ელექტროსიგარეტი შემოვიდა
და ამიტომაც აღარ ჩანს -
ქარზე შემოხვეული ბოლი.
შესაბამისად, კარგად ჩანს ქალაქის ბოლო...
და მეც ვწევარ და ვფიქრობ,
რომ არასოდეს დამიწერია ასე.
შესაბამისად,
ეს არის ჩემი პირველი და ბოლო ნაწერი,
რასაც ვერლიბრი შეგიძლია დაარქვა,
ან უბრალოდ თეთრი ლექსი.
ვერლიბრი - მაღალ საზოგადოებაში;
მაღალზე ჩემს ეზოში მდგარი
დაბალი ხეები მახსენდება,
რომელთა ქვემოთაც,
სულ წელში მოხრილი დავდივარ...
და აქ მაღალი ხეები რომ იდგნენ,
მაინც წელში მოხრილი ვივლიდი.
აგრეთვე მახსენდება,
რომ არ მჩვევია ნაწერების გადათეთრება.
ანუ ეს სულაც არ არის
არც თეთრი,
არც ლექსი...
ეს უბრალოდ ბოთლში მოქცეული წერილია.
წერილის ხსენებაზე -
შენ მახსენდები.
ხოლო შენ გახსენდება წერა
და ჩუმად მეკითხები:
-რას წერ?
აქ მრავალ....... .
ან უბრალოდ:
„-წერო...
-...ები?
-მიფრინავენ..
-სად?
-შორს!..
-რამდენი?“
...
მელოდები, რომ გითხრა ისეთი რიცხვი,
რომელიც შენთვის იქნება მომგებიანი.
მე კი ვპოულობ ჩემთვის მომგებიან ვარიანტს
და გპასუხობ:
-ყველა! 
მერე ყურში გეუბნები:
-მინდა ყველა წერო ერთად გაფრინდეს,
რომ მერე ისევ ერთად დაბრუნდნენ
და თან მოიყვანონ ჩვენი
-ერთი (პატარა)!
...და თამაშიც სრულდება ჩემს სასარგებლოდ.
თამაშზე - თამაში მახსენდება -
გულშემატკივრებით სავსე
წინა ორი რიგი რომ ელოდება დაწყებას...
და ეს ყოველდღიურობა
გადმომაქვს ქაღალდზე,
რომელსაც ვკეცავ, ცეცხლს ვუკიდებ
და ვაგდებ ბოთლში.
საცობს ვამაგრებ და ხიდიდან ვისვრი -
ისედაც ბოთლებით სავსე მტკვარში.
და ახლა მახსენდება, რომ ჟანგბადის გარეშე
არ მიმდინარეობს წვის პროცესი.
დიახ, ეს მარტივი პროცესია,
რომელიც ქიმიის მასწავლებელმა გვითხრა
და ჩვენც დავიჯერეთ...
და თუ გვჯერა ქიმიის მასწავლებლის,
რომელსაც სჯერა,
რომ ჟანგბადის გარეშე
არ მიმდინარეობს წვა,
მაშინ ეს წერილი აუცილებლად გადარჩება
და ვინმე იპოვის კასპიის ზღვაში -
სადღაც დარუბანდთან,
საიდანაც წრუპავენ ნავთობს
და ამოაქვთ იმდენი, რომ ჩვენც გვქონდეს...
და სადმე ნიკოფსიასთან,
ვდგავართ და ვისრუტავთ ამ ნავთობს,
რომელსაც მშიერი და
პირდაღებული მანქანები ელოდებიან...
ისევ გამოჩნდა ბოლი
და ნიკოფსიიდან - დარუბანდამდე
გადაჭიმული
ნავთობსადენი,
რომელსაც არა აქვს თავი და ბოლო.
ანუ დარუბანდიდან - ნიკოფსიამდე...
ადრე სხვა რამეც იყო გადაჭიმული ასე...
ასე და ამგვარად,
მახსენდება,
რომ არაფერი მახსენდება -
გარდა იმისა, რომ უბრალოდ მინდა, 
ეს იყოს ბოლო ბოთლი,
რომელიც გაყვება მდინარეს და თან წაიღებს
იმ ბოლო გამონაბოლქვს,
რაც ამ წერილის წვას მოყვება...
ანუ ქიმიის მასწავლებლები არ იტყუებიან,
და რადგან მათი გვჯერა
და ვიცით, რომ არ იტყუებიან,
უფრო მჯერა,
რომ ქიმიის მასწავლებლებმა
იციან სიყვარულის ფორმულაც...
და ამ სიყვარულის ფორმულით -
მიყვარს:
ჩემი ქალაქი!
და ამ ქალაქში
მიყვარხარ:
შენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი