Station Wisła


დაორთქლილ ფანჯრებში გამოჩნდა სადგური ვისლა.
სადგურზე ხმაური. დავშორდი ხალხმრავალ ბაქანს.
და უცხო ქალაქის რელსებზე შემდგარი ნისლი -
დაღმართზე დაქანდა... დაქანდა... დაქანდა... დაქან...

სადგურში ვიღაცამ გროშებად მომყიდა ვისკი,
გაბმული მუსიკა მისდევდა რადიო ეთერს,
მერე კი საეჭვოდ მიჩუმდა, ინათა ცისკენ
და ბოლოს ქალაქშიც შეთენდა... შეთენდა... შეთენ...

ქუჩების კვეთასთან ავტობუსს უცდიდა კაცი,
უცნობი ქალისკენ ისროდა ეჭვების საფანტს.
და უცხო ქალაქში გაწვიმდა... გაწვიმდა... გაწვიმ...
ქარმა კი ქოლგები გაფანტა... გაფანტა... გაფანტ...

ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლა გართულდა... გართულ...
და ქოლგით წყვილებმაც იმატეს... იმატეს... იმატ...
ეს მზერაც სასტუმროს კიბეებს სართულ და სართულ
აჰყვა და წაიღო უცნობი ქალაქის წვიმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი