წასვლა
ჩვენ სხვა ბავშვებად დავიბადეთ. დიდებად - გვზრდიდნენ დიდები. დიდი წვალების და დარდის თანხლებით... იყო სოფელში ომობანა და უცხო მკვიდრებს ვუტევდით! - ხისგან გამოთლილი უპირო ხმლებით... ვამბობ „უპირო“... თორემ ბოლოს ჩვენც ვნახეთ მსხვერპლი, (უსისხლო) როცა მოტირალი თვალები ესხდნენ პაპას... და საფლავს მოვაბნიეთ ბავშვობა - ფერფლი და წინაპრების მყარი ძვლებიც ერთმანეთს შეხვდნენ. ვიხსენებ, როცა ორღობეში მუხის ხე მოჭრეს, მუხის ადგილას მეორე დღეს ნახერხი დარჩა; ჩვენ სხვა ბავშვებად გავიზარდეთ... სპილენძის კოჭებს - ვაგროვებდით და ჩალის ფასად ვუთმობდით. ვაჭრებს - ამ გახვრეტილი ჯიბეებით... ნაშოვნი ფულით - სამჭადე ფქვილი წისქვილიდან მიგვქონდა სახლში... და საღამომდე დუმილს ვჩეხდით და მძიმე ცულებს: ვიქნევდით. დადგა დღე, როდესაც ჩვენს ყურშა ძაღლში მეზობლის ბავშვებს გამოვართვით სიმინდის ფუტი ტაროს კბილები გადავმარცვლეთ... ხოლო ფუჩეჩი, ბოსელში ზაქის მივუტანეთ... და მწარე წუთებს ვითვლიდით მე და უფროსი ძმა სოფლის ქუჩებში. ჩვენ სხვა დიდებად გავიზარდეთ... ვიდექით ქოხთან მე და ჩემი ძმა... გვერდით ეგდო ძველი ფიწალი. იდგა დრო... ჩვენ კი მივდიოდით და ასე მოხდა: ჩვენი სოფელიც სწორედ მაშინ გამოიცალა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი