* * * (ხევზე დაგორდა ნისლის გუნდები)


ხევზე დაგორდა ნისლის გუნდები, 
მთვარე ღრუბლებმა სადღაც გაქაჩეს. 
ვუსმენ დუმილს და უფრო ვრწმუნდები, 
რაღაცნაირად ვუსმენ პაპაჩემს. 

შიში გაქცეულ ყეფას გაურბის, 
სადღაც ირღვევა ფიქრის ჯებირი,
კარებს ჭრიალით აღებს ხმაური 
და შინ შემოდის პაპაჩემივით, – 

თუთუნს ავსებს და თბება ბუხართან, 
მერე კი ასე – ფიქრში ჩარჩენილს, 
გამიყვანს გარეთ, როგორც უყვარდა, 
წინ გამიძღვება კვლავ პაპაჩემი. 

გავივლით ბილიკს ნისლით მოფენილს 
და მთელს ეპოქას დამბაჩებიანს... 
ვხედავ და უფრო მჯერა, სოფელიც 
შრომით დაღლილი პაპაჩემია. 

ქარით ივსება სოფლის აუზი, 
მალე ქედს იქით მთვარე ჩამივა. 
მივდივარ... ვწვები სასაფლაოზე, 
რადგან მეც ერთი პაპაჩემი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი