ყვითელი კაბა


ბავშვური თავგანწირვით ნაწერი მისალოცი ბარათები
აუცილებელი გრამატიკული შეცდომებით,
უთარიღო ჩანაწერები, ლექსები, ფრაგმენტები
და ფოტოსურათები.
სულ ეს არის რაც გადაურჩა სიყმაწვილის ხანძარს.
დეკემბრის უკანასკნელი კვირაა.
ჩაბნელებულ ქალაქს თვითმფრინავის ხმაური შეახსენებს,
რომ სადღაც არიან ლურჯი და წითელი აეროპორტები
სავსე თბილი ფუნთუშებითა და ყავით.
(სქოლიოში მივუთითოთ-1994 წელია თბილის ქალაქში).
ამაზე ვფიქრობ მეც.
აი, აქ თხუთმეტი წლისა ხარ, ოქროსფერ თმებს ისწორებ
ცას აჰყურებ და ყვითელი კაბა აზიდული გმირი ძუძუებით
ხელშესახებად წარმოაჩენს მთელ ეპოქას
და ყოველივე ამას შენი ღიმილი ანათებს.
დიახ, აქ ჩანხარ მთელი სავსებით,
ასეთად დარჩები ამ ფოტოსურათის მეოხებით.
თუმცა, შენი არსება ამ პაწია ჩანაწერებში უფროა, ვიდრე ფოტოზე,
რადგან სრულყოფილი არავინ და არაფერი შეიძლება იყოს
მათ შორის, შენც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი