დჰარმა
სიცოცხლის აკვანზე ვწევარ, მარწევენ ჭადრები თავისი ხელებით, ღამით - მთვარე, დილას კი მზე ვარ სულგანაბული შენი ფერებით. თუ თმას გისველებ ვყოფილვარ წვიმა, გეძახი, გთხოვ, ამომხედო მაღლა იქამდე მოდი, სადამდეც მივა, უკანასკნელი ზღვების (ვარ) ტალღა. წვეთებს ვეღარ მგრძნობ, ბაგეზე მლაშედ? გამოვიდარე ალბათ ზეცაზე თუკი დასველდი მინდა, რომ გაშრე ანდაც დავსველდე ზუსტად მეც მასე. მრავალ-ფერადი, ჭრელი ვარ რკალი, გადაჭიმული გრძნობით, გრძნობამდე, ველი, როდის გაივლის ქალი და ჩამაფიქრებს წლობით, წვდომამდე. და ახლა ვხედავ დახუჭულ თვალებს, როგორ რთავს გრძნობას, გონებას, სევდას, გულს მაინც ყველაზე წმინდას ავალებს და მას მიანდობს საკუთარ სველ ტანს. ნუთუ ისევ სურს უკან მივბრუნდე, გადაკარგული სხვა პლანეტაზე, ნუთუ კვლავაც სურს ვლაპარაკობდე, დაღამებისას - დაღამებაზე. და ის მისმენდეს, ფიქრობდეს, როგორ ლამაზად ვაწყობ სიტყვებს და ვურთავ ზაფხულში ბაღებს, ყვითელში - გოდორს, ცივ დროს სულ მცირე სითბოს დავურთავ. გაზაფხულს მხოლოდ შენ შეგადარებ, გაზაფხულზე ვცლი სპირტიან ბოთლებს. ვეცდები, ყველა-ფერს შეგაყვარებ როცა შეგამჩნევ სახეზე კოკრებს.. ისევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი