რა დროს თამაშია...?!
რა დროს თამაშია...?! დემოკრატიული სახლი, გადაცმული სპორტული მოედანია, რომელზეც ჟონგლიორი საგნების ნაცვლად სიცრუეს ისვრის. გარშემო დაცვა – ასობით შავოსანი... საკუთარ თავს ვერ გაექცევი. რა დროს თამაშია...?! აბა, ავტორიტეტების გაქცევა ადვილია, თუ VIP ვერტმფრენი გეგულება საავიაციო გარაჟში, წითელი ბარათებით არ ჩერდება თამაში; პირიქით გრძელდება, თან წლები მიდის, მეცამეტეც დაიწყო... ტყეში გახიზნვა გარდაუვალი ხდება, მაგრამ არ დაივიწყო: მიტოვებულმა ხეებმა უცხოობა იცის, ინტერესი გაწუხებს, როგორ შეეეყრები გაუცხოებულ სხეულს და როგორ შეგეყრება იგი... საკუთარ თავს ემბრიონივით მიხრილს ხედავ: ორ ნაკადად გაყოფილია მდინარე, ორ ნაწილად დაყოფილია ტყე, ორ ნახევარსფეროდ ნიგვზის ნაყოფი, ორ ტოლ ნაწილად პოლარიზებულია მიწა, ხეშეშფრთიანებს ვერ იგერიებს... რა დროს პოეზიაა... სიტყვებს ვერ ამოვთქვამ; კბილები საუბრობს ტუჩებთან. ფთილებად თოვლი დაწოდე დედაქალაქშიც, მარტის ყვავილებს დაბადება არ უწერია, ჩანასახშივე მოსპო მარცვლოვანმა თოვლმა. ჩვენი არსობისა რიგებში დგომით მივიღეთ: შიმშილი, თუ არ იგემე, ვერ დანაყრდები; ნაგვის ჭამით, როდემდე გაიტან თავს... ბოლოს სადღაც ამოყოფს, ქიმს, ძაღლის ქალასავით დამარხული სინამდვილე, ღვიძლიც ვერ მოერევა და სისხლდენა თავისას იზამს... ბალიშის პირიდან მტრედებს გულები ამოებერათ— რა დროს სიზმრებია... ცალი თვალით ყურება კმარა; სადმე სხვა პლანეტაზე მოგინდეს გადასახლება, სიღარიბე იქაც გამოაჩენს დაუნდობელ ბრჭყალებს... გიწევს სპორტულ მოედანზე წესების გარეშე თამაში... უძლებ გულის არითმიას, დაუცველობას და ჰიპერპლაზიას... მეტასტაზები მოედანსაც მოედო, ამოკვეთა გარდაუვალი ხდება... მერამდენედ წევს ჰოსპიტალში ეს ქვეყანა... 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი