ცელანის თავში


ცელანის თავში 

ცელანის თავში:
შავი რძე - სიკვდილის ფუგა... 
სისხლიან კედლებს ვერ გავურბივართ ვრჩებით ომში.  
შუაგულ ტბაში დამხრჩვალ თევზებს, დახოცილ ქვირითს,
დაკლულ ხარებს,
დათესილ ეშვებს,
კვლავ  ეშვება ფარდა.
რკინიდან მიწის 
ოკუპირებულ მავთულებს აბამს.

პოლარულ სხეულს, უსიცოცხლო მომზირალ თვალებს 
აღარ აქვს მზერა,
აღარც ყნოსვა
მხოლოდ სიკვდილი...

გულის ნაცვლად იწვის 
ფირებად ნელი კოცონი - 
ცნობიერება ეროვნებათა 
დამწვარ ფერფლში...
ჰადესის მტევნებს ვერ წავართვით
კვლავ პერსეფონე...

მტკივა, 
მაგლეჯენ ჩემს 
ნარჩენ ნაწილს...
სხეულს...
ქვაბებში დუღს დამწვარი შთამომავლობა...

ცელანის თავში,
როგორც ტბაში 
დაცურავს მენჯის ნარჩენი თევზი...
იქნებ გადავრჩეთ,
ოღონდ სხვა ფორმაში ჩავღვაროთ სისხლი....

ვიკრეფ ფერებს...
მზის კერტებად ამოსულ დალის- მარჯნისფერ ნეკნებიდან სუნთქვა....
იასპის თვალებს 
ვერ დახუჭავს ქალღმერთი ღამით.
ეოსი შეიფაკლავს კვარცივით ლოყებს 
და  ზაფრანისფერ თმებში გამოჩეკავს ეროსის კვერცხებს...

ცელანის თავში:
შავი რძე - სიკვდილის ფუგა...
სისხლიან კედლებს ვერ გავურბივართ ვრჩებით ომში...
მებრალება შთამომავლობა! 

2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი