ანტი-ვიტრუვიუსის დედაკაცი


ეძღვნება დედას* 

*ანტი-ვიტრუვიუსის დედაკაცი* 

დედამ საყურეები,როდესაც მოიხსნა ~
გარეთ ხეებსაც ხურმისფერი დაეტყოთ,
ვინ იცის სირცხვილის ბრალი იყო,
თუ ამინდის ცვალებადობის?
ან სხვა მიზეზით მოვარაყდა 
მოოქროვილი ტყე...

(იქნებ ურცხვი დანანება იგრძნო,
როდესაც გასაყიდად მოამზადეს...)

ყალბი ბრილიანტები ~ 
ცირკონების ზღვაში ჩასმული 
ფიატები...
შევერცხლილი სინაზე ~ 
დამსხვრეული წრე და უსადენოდ 
ჩართული უხმო ყუთი,
შავ- თეთრი გამოსახულება, 
ერთ დროს გაფერადებას რომ უწყოდა...

სინქრონული ცისარტყელა ერტყა თვალაკებს,
ავეჯის უმტვრო ზედაპირის შელამაზებულ კოჭლ ფეხებს,
სისხლის ჩამოღვრასა და გავის მკაფიო ტკივილს...

სადღაც შორიახლოს იზრდებოდა ~
მომწყდარ პლაცენტაში მოკლული მამაკაცობა ~ 
ასიმეტრიული პირმრგვალი ქალის მიტკალივით სხეული ~ 
პირლიბრის ექსპერიმენტი ~
ყოველ წლიურად ჩამოშლილი კოლტები ~ 
ვიტრუვიუსის დედაკაცი ~ 
ყოველგვარ ანტი ~ 
სიყვარულის ანევრიზმა ~  
დაშრეტილი ზღვის ყავარჯნებზე 
შემდგარი ქალი ~ 
ანტი - ვიტრუვიუსის დედაკაცი...

ყოველ ჯერზე ღდგებოდა თითქოს ხორცს ხელახლა იბამდა ძვლებზე ~ 
და დამსხვრეულ წრეში გამრუდებული ტრადიციები დავიწყებას მისცემოდა ~
ტრიალებდა უგზოუკვლოდ ~ 
ისრიმის ფსევდოენცეფალიტი...

მანდილის უკან ინდური კალი ~ 
მრავალძარღვას ფოთლის სამკურნალო თვისებებით დამტკბარი სურნელება ~ 
კამის ნაყენი ვერ უძლებს ტკივილს...

დედამ საყურეები,როდესაც მოიხსნა ~
გარეთ ხეებსაც ხურმისფერი დაეტყოთ,
ვინ იცის სირცხვილის ბრალი იყო,
თუ ამინდის ცვალებადობის?
ან სხვა მიზეზით მოვარაყდა
მოოქროვილი ტყე...

დანამდვილებით ვიტყვი :
სირცხვილით ამოვიდა იმ დილით მზე, 
ყალბი ნათება ვიგრძენი დედას თვალებში, სინამდვილის გადასაფარად უკანონოდ მიშენებული ღიმილი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი