სიყვარულის ფილოსოფია
სიყვარულის ფილოსოფია სიყვარულზე წარმოდგენა არ მქონდა, ენერგია სჭირდებოდა,ელექტრო არა. თვალებზე ტრიცეფსი მედო, ლამპის ჭვარტლისგან ამომწვარი ორი დიდი ლურჯი ფუღურო. თუმც წიგნებში ვერ ვიპოვე გრძნობები. ვერც მასმედიურ ყუთებში (რას ვიპოვიდი? ენერგია იყო,ელექტრო არა) ერთ დღეს,სიყვარულზე მოყოლილი ამბები, რაღაც იაფფასიან ჟურნალ- გაზეთებში შემომხვდა. იქ,პირველად დავინახე ქალისა და მამაკაცის საქორწინო სარეცლის ხმაური, შიშველი სხეულებით, რომ შეეძლოთ გამოწვევა და ზეწრებზე ხატვა... სიმართლე ვთქვა,შემაშინა - ყვავილივით გაშლილმა მოვარდისფრო ორქიდეამ. ჯადოვარისებრთა ოჯახის სხვადასხვა ბუტკოებს, თურმე ობელისკები,თუ გაქვავებული კოშკები ავსებდათ, ექსტაზური ცეკვის ფონზე... სიყვარულზე ცოტათი დედას დღიურებიდან გავიგე, რომელიც ცნობისმოყვარეობით გავხსენი, როგორც ქალწულთა გულებში ჩამარხული ცალმხრივი სიყვარული, ან გატეხილი ჭურჭლის ნამსხვრევების ნაწილები, ბაღის ბოლოში (ბავშვს,რომ დაემალა,გალახვის შიშით)... იასამნისფერი მელნით დაწერილი ქალთევზას ფიქრები, მედუზას წყლისფერი საცეცები, დედას ლიტერატურულ სახეებად,რომ გამოეყენებინა, ზღვის ქაფიდან შობილი - პირველი სიყვარული... წაკითხვის შემდეგ ვიპოვე ნაწერებს შორის ღმერთი, მას შემდეგ ენერგია მქონდა, სიყვარულზე წარმოდგენა კი- ოდნავი! თურმე ცრემლის კანდელია სიყვარული.... უზეთო პატრუქი ალებთან ელავს... ჟურნალ- გაზეთები მამას დაეწვა, ზღვის ქაფიდან, ახალი ლექსი იბადებოდა. სიყვარული ენერგია იყო, მაგრამ ალქიმიის გარეშე უბრალოდ სიმახინჯე - ჟინის ველური დაკმაყოფილება - დავაჟკაცებამდე ბიჭები, რომ ათვალიერებდნენ - ეს ნამდვილად არ ყოფილა სიყვარული... ვერავის დავაჯერე სიყვარულზე, ის სიგიჟეა, ულოგიკო, ალქიმიურ სიმბოლოთა მაკავშირებელი სკივრი, ფენიქსის ცრემლი, სადაფის სიმრავლე გულის ამოტეხილ ძახილში, სატირების და ნიმფების როკვა, ხეების კავშირი ტყეში... ჩვენ სიყვარულზე არაფერი ვიცით, კიდევ კარგი არაფერი ვიცით... 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი