1/2 აბი სიმშვიდე
1/2 აბი სიმშვიდე რამდენიმე კვირაა, რაც აღარ მაწუხებს ემოციური დისბალანსი. მარტივად გადავიტანე ირანში მასობრივი ხოცვა. (ცრემლების გარეშე) ბრაზი იშვიათად მერევა. - ,,ემოციების გამოხატვა მნიშვნელოვანია, ნუ შეინახავ ~ გამოუშვი" (ფსიქოლოგ-ქოუჩი ეკრანიდან იმოძღვრება). ექსპრესია ზედმეტი მომივიდა, ათასობით დატეხილი სტრიქონი და უამრავი სიმბოლო ამომიცურდა არაცნობიერიდან. თავიდან მრცხვენოდა, რადგან თითოეული სიმბოლო ვიცოდი რასაც ნიშნავდა, ისიც მტკენდა თავს რომ ვერ გავუმკლავდი, თუმცა პატიებაც ვისწავლე და უმტკივნეულოდ გაშვებაც. გარედან კი არა, შიგნიდან ვიყურები, შინაგან თვალებს ვერ ვხუჭავ, მუდმივი სინამდვილე სინათლის უშორეს გალაქტიკებში კიაფობს, ვისზე ან რაზე უნდა ეკიდო წლები, მერე ამას სიყვარულით ამართლებდე, საკუთარ უსუსურობას რაში ჩამალავ? თუ სირცხვილის ჭამით ამოიძღობ მუცელს... ვის რაში სჭირდება შენი ავყია სიყვარული? ვის რაში სჭირდება შენი ექსპრესია? აღმოსავლეთ ექსპრესში დალიე ესპრესო და შაქარი არ გაურიო, თითქოს დიაბეტისგან გიხსნიდეს, თუ ქოლესტერინის მატებისგან. დავიღალე გამონაგონი ღმერთებით, ჩემი დემონების ერზაცები უფრო ღვთიური არსებების ნაკადია, ვინაიდან არავის სჭირდება ეს ავყია სიყვარული და ექსპრესია, ვარჩევ დავლიო აციპრექსი და ვაპატიო ჩემს თავს კიდევ ერთი დეპრესიის ხანგძლივი მარწუხებისგან გათავისუფლების მარცხი. სჯობს ვსვა ესპრესო მატარებელში და წარმართულ ღმერთებს, ავყია სიყვარულის ტექსტები მივუძღვნა. ისინიც ისეთივე ყრუ არიან, როგორც სინამდვილე, რომელიც შიგნიდან მჭამს, რადგან არავის არაფერში არგია ღმერთი, რომელიც ოდესღაც სიყვარული იყო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი