თეთრი მაგი(2)


თეთრი მაგი (2)

სიცოცხლე ~ თეთრი მდინარე,
ქვის თევზები დაცურავენ,
სადღაც მოკლე ჩართვა გაფხიზლებს, 
როდესაც ინათლები 
ჰალოგენურ სიწმინდეში...

ზიზილ-პიპილო მოძრავი სურათებიდან გადმომდგარი ღმერთი
(ისეთი, როგორიც გვასწავლეს)

შიშქმნილი,
შიშშეცნობილი,
ნაშიმშილარი,
შეიქმნა სიყვარული 
მივიღეთ ევქარისტიული სისხლი ~
შერეული ჩვენს სისხლს ~
წმინდა გულყრას.

ყველანი გისოსებში ვართ.
ვერაფრით ავითვისე იზმები, განუკურნებელი რეალიზმები...

სიურეალიზმებიდან ამოვედი, მეგარეალიზმისკენ 
~ სადენები გამოვრთე ~ 
დენცქვიტას თვალებში პოლარული მავთულები შევარჩიე 
და ახალი რეალობიდან მომზირალმა,
ხორციელი სიმულაცია გადავივიწყე
(თამაშით და ზიზღით...)

მექანიკური ნაყოფის გასინჯვას,
ევას ემოჯის ვაბრალებ
(დავცინი პატარა მწვანე სერფენტს, რომელიც ერთი ღილაკით წავშალე)

ყველანი ციხეში ვართ დაწყებული საკუთარი თავით ~ 
გისოსები ~
ნერვის ძაფები ~
ბიბლიური გისოსები ~
საპატრიარქო ~ 
ავტონომიური გისოსები ~ 
არყოფნის გისოსები ~
ნერვების მორჩები ~ 
მხედრიონული ღალატი...

ციხეში ვართ, 
დახარისხებულ ფენებად,
თეთრი წყლიდან განვიბანე, 
ქვის თევზები ქვირითს ყრიან,
 იზრდებიან...

ზღვის მარჯნები წყლის ფსკერზე იმალება,
როგორც ორსადგულიანები ~ შიგნეულობა შავი მარგალიტები ~ დამბადებელი უადგილო ყოფა...

ჩვენ ყველანი ციხეში ვსხედვართ, 
ტყუილებს გვაჭმევენ სიმართლედ გასაღებულს,
შეშლილი მსოფლიოს გეოპოლიტიკას ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარდა,
გაყინული რობოტების სპერმატოზოიდების 
ანალიზი გაქვავებას იწვევს.

სიგიჟე ტყუილების თესვის, 
ომით გაუმაძღარი სისასტიკე, 
იყოს ღმერთის ხატი, 
იყოს ბრჭყვიალა მოძრავი ნახატები ~ 
დაიბადოს ქვის თევზები ჩვენი პირიდან 
და ხაოიან ენაზე წყლამცენარეები ამოვიდეს...

სიგიჟის დეკადები, 
როგორც ჩემი კაბები ~ 
ჯარიმები და ქუჩის მარშები ~ 
ქვის თევზები მექანიკურ ლევიათანებს შობენ...
 
ჩვენ გვანაყრებენ ტყუილითა და ნაგვით ~  
ჩვენ სავსე ვართ მოძრავი სურათების მტვრით...

დიდი ხნის წინ გავუსწარით სიკვდილს.
გულმხურვალე ლოცვის ნაცვლად ქვის ვეშაპის მუცლიდან 
სინამდვილეს ვარწყევთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი