ცისფერი აზღუდი მეთორმეტე წელს
ცისფერი აზღუდი მეთორმეტე წელს საზაფხულო არდადეგებზე, მეექვსე სეზონს, მეთორმეტე წელში, დაიწყო ყავისფერი წვეთები ~ შინდისფერ მდინარემდე. რაღაც ბანაკი, სისულელეს ვიმეორებდი და მუცლის არეში ნაღმის აფეთქების ხმა გაისმა, რომელიც ნაწლავების ღრუს ამომფენ კედლებს გასცდა და საყლაპავ მილში გაიარა. მხოლოდ სამი საფეხური ~ მეტს არაფერს ვეძებდი, რადგან მინდოდა თვეში სამი დღე მეტანჯა, როგორმე ქალობა სამ დღეში ჩამეტირა, ჩამეცალა, ჩამენაცრა... მოკრეფილი მანდარინის ყუთებთან, მოხეკილი თხილის გორებთან მოკრუნჩხულს არ მეტირა... რას ვიფიქრებდი ~ ჩემი დიაგნოზი კიდევ მრავალი წელი არარსებული იქნებოდა... სანამ ათასჯერ გაგიმეორებდნენ რომ ტკივილები ნორმალურია, სანამ თვითონ ექიმები არ მეტყოდნენ, რომ არაფერი გჭირს... შენ კი იხსენებ ფანჯრიდან ვარდნილ მზეს, ატმის ხეს, რომელსაც მუდამ უმწიკვლო ქალწულებს ადარებდი, აბრეშუმის კანს, პირველად აზღუდი რომ შეეხო დრდვილების დასაფარად. სარძევე ჯირკვლის არარსებობა გტკენდა სქესობრივი იდენტიფიცირებისთვის... თვეში სამი დღე? ~ არა. თუმცა მთელი თვე ყავისფერი წვეთები გოგირდის წვიმასავით ჟონავდა ჩემი მღვიმედან, რომლის ნახვის სირცხვილი მკლავდა. ამიტომაც პირველად გინეკოლოგმა ნახა, როდესაც სარკეში ჩაახედა ჩემი სასირცხო ბაგე და მაშინ გავიგე, (თურმე დედა ვხდებოდი). ,,უნაყოფო არ ვარ", ~გავიფიქრე, ვიცოდი, რაღაც მჭირდა, რაც მწამლავდა და შიგნიდან მალპობდა... დაქალება ~ ანალგინის მინის კაფსულის, გადატეხილი თავი მეგონა, რომლის დალევისას ტკივილის გაქრობასთან ერთად მაშინებდა მისი ნამსხვრევების ყლაპვა... შინაგანი სისხლდენით სიკვდილი, ან რა ვიცოდი, თურმე საშოც ამოფენილი მქონდა ყომრალი ცისტებით. და ჩემი სული ცისფერი ღრუბლებით ~ რომლებზეც ჯვარს ვეცვი მეთორმეტე წელს... არც თავი მომიკლავს, არც არავინ გამიცია. მახსოვს ~ ქრისტეს დავბანე ფეხები და ჩემი თმით შევუმშრალე მე ~ მეთორმეტე მოციქულმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი