ნიჟარა CaCO3-ით
ნიჟარა CaCO3-ით სხეულის ნამსხვრევებს საკუთარ შხამში ვხარშავ ~ სუნთქვა მეკვრება და ორსადგულიანების სირბილეს ნიჟარა CaCO3-ით ვფარავ... დედამ ჩემი ბავშვობის მსგავსად დაბნეული ბრინჯის მარცვლებში ჩამძირა ~ გასამრავლებლად (მდინარის მარგალიტში ავერიე)... არ იცოდა, სადაფის მსგავსად მეც გადასარჩენად მეტამორფოზებს განვიცდიდი. ვერც ვეშაპის მუცელში ცხოვრებამ შემაშინა... (არ მეშინოდა,რადგან ჩემი სურვილით ჩავიძირე საკუთარ სიბნელეში)... არც სტეინბეკის მარგალიტის წონა მეზიდებოდა წყლის ფსკერზე... ჩემი სხეულის ნამსხვრევებზე მოსიარულე ჯავშნაკები შევნიშნე, მუცელფეხიანი ~ ლოქორიები და ლოკოკინები, რეგენერაციის უნარი შესწევდათ, თურმე... იქნებ ჩემს ნაბზარებზე მათი სეკრეტებით ამოევსოთ ნატეხთა შორის სივრცეები, მიკროსკოპული ლუპით სიღრმეებში ვძვრებოდი და პლანქტონების ნარჩენებს საცეცებს შორის ვაქუცმაცებდი... დროთა განმავლობაში სილურჯე ემატებოდა საფარის სისქეს და ბზინვარება მკერდთან იმატებდა, თუმცა არ მთელდებოდა... მუცელფეხიანები ცრემლებივით მღელვარედ მიდი-მოდიოდნენ ჩემს ზედაპირზე, თავს ბუმბულივით ვგრძნობდი, თვით სადაფის ბაქანში შეუხორცებელი და უსასოო... მივხვდი, თავადვე უნდა აღმედგინა ჯავშანი და გამოვედი ჩემი ინფანტილიზმიდან ~ მოლუსკის შიგნეულობიდან, ბევრი ვიარე და მივაგენი ახალ სახლს ~ ცნობიერების ანათემას... ლევიათანის მუცელშიც კი არ შემშინებია ცხოვრების, ვისი ნება იყო ჩემი ამონთხევა?! ერთხელ უფსკრულსაც ჩავუყლაპივარ, ჩემი ჯავშანი დაიბზარა, რბილი სხეულიდან კი, ახალი მოვიშენე... დედამ კი არა, არც მე ვიცოდი უსასრულოდ მეტამორფოზებს თუ განვიცდიდი. ბრინჯის მარცვლებში ვიბადებოდი; მდინარის მარგალიტივივით არა, არამედ სადაფის რკალურ რვალად... 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი