ჟანა


ჟანა
(ჩემი ბავშვობის თოჯინა)

ნახევრად დამწვარ თმაზე,
წინამოს ადგილი შემორჩენოდა.
ოქროსფერი არა,
უფრო ჩალისფერი თმა ჰქონდა...

ტანი ბრეზენტის ტომარასავით,
ხელოვნურად შეკერილი ~
ბალიშის გამობერილი ნაწილები ეტყობოდა.
თითქოს გაბერეს, შეავსეს, ამოქოლეს ~ 
ახალნამშობიარები ქალივით, რომელიც ოჩოფეხებზე დადის სტუმრებისთვის სუფრის  დასალაგებლად...

ზურგს უკან კი მინებჩალეწილი ფანჯრებით იყურებოდა სასაუბრო პირის აპარატის ხმა ~ ამოგლეჯილი საცერივით  ნასვრეტები...

ძალიან მდუმარე იყო,
ტუჩებს შორის მომცრო ნახვრეტი,
ბავშვობის ალგორითმი 
საწოვარას ნაკვალევი,
რომელიც არასდროს მინახავს...

გულში ვიკრავდი, 
ნოვალისისის ყვავილებიანი
კაბა ეცვა,
დედას კი კირისფერი ედო, 
ალაგ- ალაგ კაჟივით ელაგა თვალქვეშა უპეები,
როგორც სიმინდით სავსე ტომრები,
დაბერტყილი თასებიდან ამორეკილი სიმინდის ქერცლი,
თოვლივით ბარდნიდა შემოდგომას.

დედას ბევრი ეტირა, 
გული გაუკაჟდა და თვალის ღარებიც კაჟისფერი გაუხდა...

მერე, კორიდორში ლანდივით მოსიარულე დედაჩემი შევნიშნე ~
სანამ ჩემს თოჯინას ვეხუტებოდი,
სარძევე გავსებული ფინჯნებიდან რძეს ღვრიდა...

შორიახლოს ბავშვის ტირილი მესმოდა...

ზურგზე დავადებდი ყურის ნიჟარას ჟანას და ვუსმენდი,
მეგონა ის ტირიდა...
მეგონა მას შეეძლო ხმის გამოცემა...
ერთხელ მაინც გაიხდიდა თავის კაბას და მათხოვებდა,
ვიცოდი ის კაბა არასდროს პატარავდებოდა სხვისთვის  გადასალოცად...

სადღაც ტიროდა სხვა ბავშვი...
როგორ მჯეროდა ჩემი თოჯინა თავისი ბოტოტა ფეხებით ადგებოდა და გაიქცეოდა...
მიმატოვებდა ჩემს კოშმარებთან,
ან ცრემლის ტბაში ჩამახრჩობდა...

დამწვარ კულულებზე ნახშირებივით ეკიდა  
ძველი ნაძალი ტკივილი...

ცეცხლის ენებს დედამ გამოგლიჯა ჟანა 
მას ცალ ფეხზე  თეთრი ფეხსაცმელი ეცვა,
ლურჯ თვალებზე ერთხელაც 
არ შემინიშნავს ცრემლი,
არც ერთი წამით არ მოუხუჭავს თვალი, 
როცა შიშისგან ვძრწოდი ~
ოქროსფერი თევზების წვიმის მოლოდინში...

კაბა არა, მაგრამ ჩემი გული 
მას შემდეგ აღარ პატარავდება, 
როდესაც ჩემში ჩამესმის ბავშვის ტირილის ხმა...

მზად ვარ გულის ამოტეხილი პარკუჭები 
და საკნები  ხელით მეჭიროს, 
ოღონდ აღარ იტიროს ~
ჩემი ბავშვობის ერთგულმა
ჩუმმა მეგობარმა,
რომელმაც  ბოლომდე მიერთგულა...

,,სად ხარ,ჟანა?"
ხანდახან ვუხმობ, როგორც იაჰვე ადამს...
ის კი, ხის უკან მემალება,
დაწნული თოკით...

ჩუმად ვიღიმი:
ვჭრი ორად ნაყოფს და დუალისტურ ფრუსტრაციაში ~ ყულფით ვიკიდებ თავს...

2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი