ლაკმუსის ქაღალდი


რაც  დრო გადის, 
მანძილი მაშინებს~
იქნებ და გავქრე შენს ჰორიზონტზე,
რა ფორმით მოვალ შენამდე ნეტავ...
(გულს ამოგიღრღნი,
თუ თვალს ამოგივსებ მარილის ლოდით)...

როდემდე დაინახავ ჩემს ნეგატივს ~ 
ფოტოფირებში ამღვრეულ მზეს,
წითელ სკივრში ჩემი ბავშვობის,
თუ ცისარტყელას მონუსხულ სხვენში,
კუბოს ფიცრებს ანაგრამებით...

ვინ მაპატიებს და ამიტანს, 
ჩემი Via Dolorosa-თი?
რომლის არცოდნის და არდავიწყების სქელი საწამლავი შემასვეს
(წითელი რძის შემდეგ)...

ვდგავარ ორად გაყოფილი წყლის ფსკერზე და ჩემს თავს დავცქერი 
(ხორბლის დახრილ თავთავს ვგავარ...)
_რა მაშინებს?!

ალბათ მანძილი ~
ჩემს სხეულში ზღმარტლის ხეებად ამომდის მტევნები ქარის~ 
თან მაგლეჯს და თავს მახსენებს
შენ ხარ შორით ~ 
ასე ახლოს და ასე შორს ჯერ არ ყოფილხარ...

რაც არასდროს გაქვავებულა,
როდემდე მივცე ძალა?
ჩემი გონება ივიწყებს წარსულს, 
გული კი არა ~ ყველა გაყინული
მომენტს ცოცხალ კადრებად დაცურავს...

არასდროს მოდის დაბრუნება დავიწყებიდან ~ ურობოროსივით მარადიულია.
დავხედავ საათის ციფერბლანტს 
მერე ჩემს თვალებს ~
ჯერ კიდევ მარილი ლღვება ~ 
ლაკმუსი კი მელნისფერია ~ 
ფოტოსინთეზიც შედგა...
(ზღმარტლის მტევნებში მოქცეული გაყინული მარადისობა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი