შინდისფერი მაღვიძარას მანიფესტი
შინდისფერი მაღვიძარას #მანიფესტი როგორ შეიძლება ყველაფერს ამართლებდე... ყველაფერი მოგწონდეს... დახუჭულ თვალებს სინათლე გარდატეხს - სადღაც იწვის ცოცხალი სხეული. სადღაც გოგირდის წვიმა მოდის. ვიღაცას სძინავს ღრმა ძილით. ვიღაც ღაზაში ფხიზლად წვება და ვერც იძინებს... მე ვინ ვარ? რისთვის მოვედი? თვითნებურად თვითმხილველი გავხდი... თვალები ავიხვიე, მაგრამ ხმა მესმის... ეს არ არის ლექსი, ეს არ არის მეტაფორა... მხოლოდ სევდაა... ჩემი მიწაა დამწვარი ძაღლის თათი, დაფერფლილი თვალებიდან იყურება სინამდვილე... ბუდიდან თვალი ამოვარდა... აბრეშუმიდან წყენა... ანტილექსია ჩემი სიტყვა... მონოლოგია ჩემი დიალოგი... კულტურაა ჩემი საგანი... ლოზუნგია ჩემი მარჩენალი... შემოსახაზია ჩემი სიმართლე... რა აზრი აქვს ამდენ ღელვას? გონება თუ გულს ვერ გაემიჯნა? წამალს ვინ მისცემს ბავშვებს? ეტლით ვინ ივლის ამ წვიმაში? გოგირდია ჩვენი განაჩენი, ვიღაცისთვის ფერფლი... აღდგომა გარდაუვალი... ტკენა გარდამავალი... სისხლძარღვებშია გაჭედილი ანევრიზმა. ჩემი ანტილექსია თრომბი... დიდი გარდატეხა - მუხლის სახსარი... ანატომიაა ჩემი მხედველობა, რამდენი პოეტი აწამა სისტემამ? კიდევ რამდენს შეშლის სინამდვილე? კალამია ხმლის ტარი, ლექსი კი წვერი... სისხლია ჩემი მელანი... შინაგანი სხეული იისფერი... დახუჭულ თვალებს კი ლურჯი ჩიტები ეხეთქება... ვზივარ ამდენი ცდომილებით აღსავსე და ვფიქრობ: როგორ შეიძლება ყველაფერს ამართლებდე... ყველაფერი მოგწონდეს... მაშინ, როცა დახუჭულ თვალებს სინათლე გარდატეხს ... თავისუფლებაა ჩვენი არჩევანი და მაინც ფერფლში ვწვებით, რომ გადავრჩეთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი