სიმწირე


სიმწირე 

ახლა ვისვენებ.
დავახარისხე ლიტერატურული ანალიზები, 
იქ, სადაც საოპერაციო მაგიდაზე დავდე ლექსი,
ნელ-ნელა გამოვაცალკევე ჰიპოფიზისგან ტვინი,
რომელიც მოლურჯო სინჯარაში ჩავდე.
ჩემი მწირი თვალსაწიერით. 
გადავხედე წლებსა და ეპოქებს.
აღვნუსხე თავისუფალი ლექსები
გადავწმინდე ჩარჩოები და წესები.
გახსნილი ჭრილობებზე ჰიპერმგრძნობელობა მარილივით მოვაფრქვიე ვენებს.
-მესმის
-მესმის 
-მეც მტკივა...
ბავშვი მეძახის.
მას შია - უჩემობა, უალერსობა...
ზოგჯერ იმდენად დაკავებული ვარ 
მხოლოდ ფიზიკურად ვკვებავ.
მთელი დღე კორპუსის კედლებში ჩამწყვდეული ძაღლივით გამყავს გარეთ ჩემი თავი და ვასეირნებ დაუსრულებლად.
პატრონი თუ მოუკვდა ძაღლს, ვინღა გაასეინებს? 
ვინ გაასხვისებს სხვის შვილს,
დოკუმენტების გარეშე? 
სად შეიძლება თავი შევაფარო შეშლილ სამყაროს?
ვინ გაუძლებს ჩემს უჰიპოფიზო ტვინს, სადღაც შორეული ჰაერისკენ მიმართულს.
ან ჩემს ბგერებს,
სუნთქვის ხმას.
სადენები გადამეწვა, 
როგორც ჩემი ნერვები, 
ფერადი მორჩებიდან 
შეგროვებული ამბების მოწმე 
თვალები 
ამრეზად მიყურებენ.
მე მათი აღარ მჯერა, 
მხოლოდ ლანცეტის გვერდით ამოღებული ჰიპოფისის მწამს.
ის არის მხედველი, 
ზოგჯერ მღლის ზედმეტი გამჭოლობით...
შავზე თეთრს ხედავს და თეთრზე შავს...
ჩემს გონებაში ამოკაწრულ მწარე ტკენებს,
აღარ ცდილობს გაექცეს, 
ვიღაცამ უნდა გაწყვიტოს ძაფი...
ვიღაცამ გორგალი უნდა გადაახვიოს, 
ძველი კასეტის ფირივით ფრჩხილის ლაქით გადააწებოს, 
რომ იმუშაოს...
მოქმედებითი სიგნალები 
გრამატიკის სახელმძღვანელოდან არა,
ფიზიკურიდან უნდა  ამოქმედდეს.  
მე ჰიპოფიზი ამოვიჭერი თავიდან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი