საკუთარი არაფერი მაბადია


საკუთარი არაფერი მაბადია

საკუთარი არაფერი მაბადია. 
ვერაფერი მოვიხვეჭე, 
მხოლოდ ხმა, 
რომელიც არასდროს მტოვებს, 
ადრე ღმერთის სახებას რომ ვაწერდი,
ახლა ვხვდები ჩემიდან გადმოპირქვავებული ადუღებული სისხლია.
ერთხელ სისხამ დილით
თქეშივით რომ წამოვიდა  
ნარინჯისფერი ზამბახების წვიმად.
არაფრის ქონა თავისუფლებას კვერს უკრავს. 
- ,,არაფერი გაქვს"- 
ასე მესმოდა, 
იქნებ გვარი, სახელი, მიწა 
უბრალოდ ქალობის დასამტკიცებლად მოგაწერეს, 
ზიზღით რომ გადაგჭრეს შენი ჭიპლარი...
ზედმეტ ზედსართავებს შორისდებულები ვერ იტანს,
ვერც ზედმეტ სიტყვას სქესი, 
სიჩუმე ამტკიცებს ღირსებას...
რადგან არაფერი გაბადია, 
სჯობს დადუმდე.
ძალაუფლება იმას აქვს,
ვისი სქესიც იწონის. 
პასპორტი თუ არ გაქვს, 
ცარიელი თარიღი ხარ, 
ერთ თეთრ ფარატინა ფურცელზე,
რომელიც სკოლის დარაჯმა დაკარგა. 
აუგს როგორ იტყვი უფროსზე, 
რომც წიხლებით შეგდგეს- 
არ დაივიწყო - 
სიჩუმეა შენი ღირსების პასპორტი.
ყველაფერს სჯობს 
იბრძოლო შენი ხმის გადასარჩენად, 
რადგან სხეული გასაყიდია, 
აკვნიდან გაგყიდეს, 
ნატკენ ლოყებს ფერუმარილით გიფერადებენ, 
ერთ დროს ბავშვობა რომ წაგართვეს და ღაჟღაჟა ნიკაპთან ჩამოღვრილ ცრემლებში 
მარტოობას აბანავებდი, 
რისთვის იშლება ყოველ ჯერზე ლურჯი იები და რატომ მალავ ამდენ დოგმას ბიბლიის ფურცლებს შორის, 
ხომ შეგრცხვა ერთხელ რელიგია 
ღმერთს რომ მიაწერეს, 
რომელიც ნაწამები აღსდგა.
გრანდიოზული მეტაფორაა შენი ღმერთი, 
ლურჯი იების ზეწრებში შეკერილი, 
მოციქულებთან უბრობს, 
როგორი დატეხილია ქალის ხმა, 
ყველგან რომ დამარხეს, 
როგორი ბინძურია შიში იმისი, ვისაც ყოველგვარი პასპორტი ჩამოართვეს  
არაფერი გააჩნია და მაინც უფრთხი 
ადუმებ, რადგან მისი სისხლი ადუღებული ლექსია, 
სისხლისგან იცლება და არ კვდება. 
ზაფრანების გვირგვინს თავზე ვიგრაგნი, 
ზაფხულში ვარდების მონატრების ტოლფასად...
მუდამ მახსენდება - საკუთარი არაფერი მაბადია და აკვნიდან გამყიდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი