Turdus Mechanicus Ex Machina
,,იყო შაშვი მგალობელი’’, არვინ ჩვენი მწყალობელი. ქორდიანების აკენკილ ნარჩენებში - ოცნების ბარაკებში სუნთქვას სწავლობდა ჩვილი, ცელოფნის პარკებით დახუჭულ თვალებს, ფარული ხმაური გაუდიოდა ... მე რომ კანარის ჩიტი მეგონა, მე რომ ორიგამის ჩიტი მეგონა, მე რომ მოსამართი ჩიტი მეგონა, მექანიკური შაშვი ყოფილა... ცარიელი ფაშვითა და ჩიჩახვით ჰიპერბოლებში ამოხილული უწყალებო, რომანტიზებული სიღარიბის კვალზე, დაუნდობელი ტყუილები იკრავდნენ კრიჭას. ხეშეშფრთიანობა სანატრელი რომ გაგიხდება და ყალბი სიხარულის ზღვაში თავს რომ დაიხრჩობ, შენი პირიდან პირიმზე კი არა, ზედაპირზე მკვდარი მედუზები არყოფნით დაღლილი, დროგალეული არსებობა გამოირიყება... ლოდებს შორის მოყოლილი ჭანჭიკებდაცვენილი, შაშვი იყო მგალობელი მოსამართი ჩიტის პროლოგით. წარმართული პათოსით გაჟღენთილი, მეზღაპრე არაპოეტი... არაფერი არ წყალობს სიყვარულს, არავის არგია ეს სიყვარული, ოდესღაც ღმერთი რომ იყო, ახლა ქვის ვეშაპის კბილებით ელემენტებს ვუძებნით... გრძნობების სინატიფე სიურეალური ვესტიბულის საფეხურზე ეშვება ფრთებით, აქა-იქ ჟანგი მოსდებია... მონოლოგს ყვება ჩემი ელექტრონული ჩიტის პირით, ტოტზე ჩამოხილული გამობერილი სიყვარული... სავსეა ეს ფაშვი, სავსეა ეს ტომარა, რომელიც ბრეზენტის სადუქნედ შეკრეს... ,,იყო შაშვი მგალობელი", არვინ ჩვენი მწყალობელი... დასრულდა ზღაპარი,მით უფრო ოცნება. სული იქა, ხორცი აქა, სიმართლე იქა, ტყუილი აქა... დასრულდა ზღაპრის სიმაძღრით ძილი - რული მერევა ჩემი ჩიტური ჩუმი ჩვენებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი