გამბედაობა


ტუჩებს შორის შრე
ასიმეტრიული მარგალიტი,
ოდნავ წამახული ალუმინის მავთული,
ფიქრიანი სინატიფე და სისხლის შხეფი,
შხუილით გადმოღვრილი ხმები 
კედლების გასწვრივ -  
დახვეული ბაქანის სიმრგვალეში 
და ლორწოვან გარსში...
კედლებს მიღმა ისმის სინათლის სხვივის გარდამტეხი ცისარტყელას ხმოვანება,
სილვიას ყვავილები - 
ყვითელი ავტობუსის გამომდნარი ფსკერი...
თვითმკვლელობა და თავის გადარჩენის მესა,
ლოცვები ლექსების ნაცვლად, 
ან პირიქით,
ლექსები ლოცვების ნაცვლად, 
ჯოისის წიგნიდან ამოკითხული 
ევთანაზია და საეკლესიო წიგნიდან ამოწერილი ევქარისტია...
პირწმინდა ტერფთა ტევადობა ტურინის ცხენში,
ქუჩის მიღმა - ცხენის ცრემლის ამლაშება,
ადამიანის სევდაში 
ან პირიქით, 
მომტირალი ზეკაცი,
ზორბა ხელები და ზდისლავ ბეკსინსკის დრო,
მარადისობად ქცეული უხეში ქვები - 
ცხენის ნალები- 
უთვალავი გული,
კაცობრიობის წრემბრუნავი მექანიზმები,
ტკივილის პედესტალი,
დამალული ბგერის ამოთქმასა და ბგერის უკან ჩაბრუნებას შორის,
გამბედაობა -  სიურეალიზმის ანფასში და პროფილში,
შედედებულ რძესავით იღვრება,
მასის ნიღაბი და ასფალტზე  წერს გამბედაობას...
გამოიხსენ, გადმოანთხიე,გადმოაქციე,
რაც შენშია...
ნუ იქნები ტრაფარეტი ტუზების ტევა...
იყავი - ოღონდ იყავი ლილითი, ხან კიდევ ევა...
გადმოანთხიე შენში ნაზარდი ბგერა,
ამოკითხული გონიერებას შორის...

2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი