გამარჯვების დღე


კიდევ რამდენი ტყუილი შეიძლება დაიჯეროს სახემ, 
რომელსაც გონების ბაღში
იმედები დაუთესეს.
თვალები სახლის ვიწრო ფანჯრები, 
მასში ნაწვიმარი წყალი ჩამოედინება,
არსებობა ხანდახან მშრალი ხიდია, 
დაჯდები და წიგნებს იყიდი, 
აბა, გასაყიდად ვერცერთი  ვერ გაიმეტე...

ვის უსმენს მოხარშული რძისფერი კბილები,
რომლის ჭიშკარი უსამართლობამ დახურა, 
და სად იმალება გამშრალი ენა,
რითი დააშრეს სიმართლის ზღვები? 
ნუშისებრი ჯირკვლები ძლიერად ექაჩება, 
არაფერი რომ არ თქვას...
ინისი ჩაუტყდა ქვედაყბას...
(ამ დროს მეტაფორა დაუძლურდა) 

ყველაფერი არ არის ლექსი, 
ყველაფერი არ არის არსებობა.
ზოგჯერ უბრალოდ სუნთქავ, 
დადიხარ ქვიან ქუჩებში და პატარა სამყაროს უყურებ, 
შუაგულში მდგომ საკუთარ ლანდს, 
რომელიც ამდენს იტანს:

ამდენი ტანკის ლულა, 
ამდენი მწვანე სამოსი,
მშიერი კუჭი, 
ვინ გამოიგლოვა? 
რა შემორჩა ცაში მოკლული თეთრი ჩიტების სხეულს? 
როგორ მილულა თვალი მტრედმა
ფეხები სისხლში რომ ამოავლო...

რატომ არის გამარჯვების დღე გაზაფხულის მიწურულს, 
როცა ზამთარი სულიდან არ მიდის...

ვფიქრობ: 
სად დაკრძალეს იმ მტრედის ჩონჩხი, 
რომელიც ცაში ჩაცხრილეს ერთ დროს...
რას აღნიშნავს ეს დღე...

სად არის გამარჯვება?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი